Thumbnail
  • დარჩება თუ არა ჰანსი ფლიკი ბაიერნში?
  • პსჟ-სთან მატჩის შემდეგ მან ბევრი საინტერესო რამ თქვა

ჰანსი ფლიკს შეეძლო, მოქცეულიყო ისე, როგორც აქამდე იქცეოდა და მარტივად ეთქვა: “მომდევნო კითხვა, თუ შეიძლება.” მაგრამ რეკორდმაისტერის დამრიგებელი ამჯერად ასე არ მოიქცა და გადაწყვიტა, ეხუმრა. Sky-ს ჟურნალისტის კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით, ფლიკმა ასე უპასუხა: “ჰო, აი ახლა მივიღე გადაწყვეტილება!”

პარი სენ-ჟერმენთან უსარგებლო 1:0-ის შემდეგ ბაიერნში მწვრთნელის საკითხზე დისკუსია ახლა უფრო გამძაფრდება. ფლიკს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ამ თანამდებობაზე მომდევნო სეზონშიც. არა იმიტომ, რომ ის არ მოსწონთ - არამედ იმის გამო, რომ ზაფხულიდან გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ხდება ვაკანტური და იქ სწორედ ფლიკის დანიშვნა სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ ბაიერნის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს ფლიკთან კონფლიქტი აქვს.

ფლიკს პარიზში ჩატარებული მატჩის შემდეგ, Sky-ს მიკროფონთან დაახლოებით 5-წუთიანი, ძალიან საინტერესო მონოლოგი ჰქონდა, რომელსაც სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მთავარი მწვრთნელი)

“მნიშვნელოვან ფაზაში არ გაგვიმართლა, რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. როცა ასე არ გიმართლებს და ტურნირიდან ვარდები, ვეღარ ხარ ისეთ კარგ ხასიათზე, როგორზეც მანამდე იყავი. გარდა ამისა, ბოლო კვირებში ჩემსკენ მოდის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემა ყოველთვის ადვილი არ არის. მუდმივად რაღაც ახლის მოფიქრებაა საჭირო. ამიტომ: კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვა რამ სათქმელი არ მქონია. ვფიქრობ, ყველამ პატივი უნდა სცეს მწვრთნელს, რომელიც ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

რაც უნდა იყოს, ყველაფერი ცხადია: ბაიერნთან კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. რა მოხდება? ადამიანი ყოველთვის ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება თუნდაც ახლო მომავალში, რა და როგორ იქნება. რაც არ უნდა შესანიშნავად იყოს ყველაფერი, კაცი ყოველთვის ფიქრობს, რა იქნება მერე. მარტივად ვფიქრობ, რომ ყველას - მწვრთნელის, მენეჯერის და სხვების - საზრუნავი ისაა, როგორ შემიძლია ამ გუნდის განვითარება, საერთოდ როგორ და რამდენადაა შესაძლებელი გუნდის განვითარებაა. ეს ძალიან ნორმალური პროცესია. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი: OK, საით მივდივართ? როგორ მივდივართ?

ჩემთვის წარმატება მუდმივი პროცესია. 6 ტიტულით, რა თქმა უნდა, მასშტაბები დავამკვიდრეთ. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატებების მიღწევა სურთ - ეს მიუნხენის ბაიერნში ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც, ყველაფერი უნდა შევაფასო და მუდმივად ახალი გამოწვევები უნდა დავისახო. ამ პროცესში მე, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები და წარმოდგენები მაქვს - ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი: მნიშვნელობა არ აქვს, რას გავაკეთებ, ოჯახის წევრები ყოველთვის მხარს დამიჭერენ. თუკი გერმანიის ნაკრებში ვიმუშავებ და იქ უკვე სულ სხვა რიტმი მექნება, ჩემი ოჯახისთვის ეს სულერთია. ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე ჩემი საქმის კეთება სიამოვნებას მანიჭებდეს. სწორედ ამას მისურვებენ. 

მოკლედ, ეს კარგი გრძნობაა და მწვრთნელობა ძალიან მსიამოვნებს. ცხოვრებაში ბევრი რამ მიკეთებია, მაგრამ მწვრთნელობა ყველაზე კარგია. ამიტომაც, სხვა საქმის კეთება ვერ წარმომიდგენია. ცხადია, ბაიერნის მწვრთნელი ყოველთვის წნეხის ქვეშ არის, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე. სულერთია, ბაიერნის დამრიგებელი იქნები, თუ გერმანიის ნაკრების - მწვრთნელის ცხოვრება ასეთია. და მე ეს მომწონს. იმედი მაქვს, ზედმეტად ბევრი არ ვილაპარაკე და თქვენს საეთერო დროს არ გადავაჭარბე.”

კომენტარები

ბოლო ამბები