Thumbnail
  • ინდიანა 115:126 კლიპერსი
  • ქართველ კალათბურთელს აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 დაფარება ჰქონდა

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ დღეს დილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული მატჩი უქულოდ დაასრულა, რაც 2 მარტის შემდეგ არ მომხდარა. ხსენებულ დღეს ინდიანელებმა ფილადელფიასთან 114:130 წააგეს და გოგამ 10 წუთში 4-ვე სროლა ააცილა. მას თითქმის იდენტური მაჩვენებლები ჰქონდა დღეს, ლოს ანჯელეს კლიპერსთან შეხვედრაში.

ქართველი ცენტრი კლიპერსთან უზუსტოდ უტევდა

პეისერსი კალიფორნიელებს მშობლიურ Bankers Life Fieldhouse-ში დაუხვდა და მეტწილად თანაბარი თამაშიც გააჩაღა, თუმცა, ბოლო მეოთხედი სუსტად ჩაატარა და 115:126 დამარცხდა. 21 წლის ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11 წუთში 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა, აქტივში კი – 2 მოხსნა და 1 დაფარება.

რიგ ეპიზოდებში ბითაძეს მეტი აქტიურობა დააკლდა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ის ისევ აზარალა გუნდის ტაქტიკამ. ქართველ ცენტრზე კვლავაც არცერთი კომბინაცია არ კეთდებოდა, მას ბურთი იშვიათად მისდიოდა და მართალია, დაცვაში ზონებს კარგად აკონტროლებდა, საბოლოოდ, უსახური სტატისტიკა გამოუვიდა.

ძირითადი ცენტრის მაილს ტერნერის არყოფნაში, კვლავაც ძალიან აქტიური იყო ლიეტუველი მძიმე ფორვარდი დომანტას საბონისი, რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 29 ქულა ჩააგდო მაკლოლმ ბროგდონმა, ხოლო კარის ლევერტმა თავი 26 ქულას მოუყარა. კლიპერსს უბერებელმა პოლ ჯორმა ულიდერა 36 ქულით, ხოლო მარკუს მორისმა 22 ქულა ჩააგდო.

ინდიანა პეისერსმა 25 მოგება და 28 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე რჩება. ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 15 აპრილს ჩაატარებს, როდესაც ჰიუსტონში დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ როკეტსს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები