Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პარი სენ-ჟერმენმა შინ მიუნხენის ბაიერნთან 0:1 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა და ნახევარფინალში ითამაშებს. "რეკორდმაისტერმა" კი შარშან მოგებული ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და წელს მისი მაქსიმუმი ბუნდესლიგის ჩემპიონობა იქნება.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა და მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთეს, ისევე როგორც ფეხბურთელებმა მანუელ ნოიერმა და ნეიმარმა.

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მწვრთნელი): "ძალიან კონცენტრირებული ვიყავით და ეს მართლაც რთული თამაში იყო. ნამდვილად ბედნიერი ვარ და მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, რადგან ეს წარმატება მთლიანად მათი დამსახურებაა. ნახევარფინალში გასვლა ჩვენთვის საოცარი მომენტია. ბედნიერი ვარ ფეხბურთელების, სტაფის, კლუბის, პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის, ლეონარდოს გამო. სასიამოვნოა ამ სასიხარულო მომენტის ერთად გაზიარება. როდესაც არ ვმუშაობდი, ეს ადრენალინი მენატრებოდა, რადგან ეს არის უდიდესი საკლუბო შეჯიბრი. ნორმალურია, რომ კიმიხისა და მიულერის მსგავს დიდ ფეხბურთელებს თავდაჯერება ჰქონდათ, მათ ყველაფერი მოიგეს, მაგრამ ფეხბურთი ლამაზი სპორტია, არასდროს უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო. გარდა ამისა, ჩვენ ხარისხიანი გუნდიც გვყავს".

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): "პირველ მატჩში ბევრი საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა რომ არა მესამე გაშვებული გოლი, მომდევნო ეტაპზე გავიდოდით. ყველამ ვნახეთ, რამდენად სახიფათონი არიან ისინი შეტევაში. მინდა ჩემს გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ნახევარფინალში გავიდა. ჩვეულებრივ, ჩემს გუნდს მოედნის ბოლო მესამედში დიდი ხარისხი აქვს, მაგრამ დღეს ბოლო ფაზაში რაღაც გვაკლდა. უნდა შევეგუოთ მომხდარს იმის მიუხედავად, რომ სხვა შედეგი გვსურდა და ვულოცავ მეტოქეს".

ნეიმარი (პსჟ-ს ფეხბურთელი): "მარცხის მიუხედავად ბედნიერი ვარ. დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენც შესანიშნავი გუნდის გვყავს და ეს დღეს დავამტკიცეთ - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირიდან გავაგდეთ. მივაღწიეთ მიზანს, ახლა ნახევარფინალში ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა უკეთესები გავხდეთ".

მანუელ ნოიერი (ბაიერნის ფეხბურთელი): "დღეს არ გავვარდნილვართ, მიუნხენში უკეთ უნდა გვეთამაშა. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მაშინ ბევრი საგოლე მომენტი ხელიდან გავუშვით. რთული იყო ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ და ფეხბურთელები მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობდნენ".

ნეიმარის ემოცია გამარჯვების შემდეგ

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის ორმატჩიანი დაპირისპირება 3:3 დასრულდა, მაგრამ პარიზელებმა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მოახერხეს ნახევარფინალში გასვლა, სადაც მანჩესტერ სიტისა და დორტმუნდის ბორუსიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

📺 პსჟ 0:1 ბაიერნი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები