Thumbnail
  • გოლდენ სტეიტის თამაში უფრო მეტად სისტემაზე იდგა, ვიდრე სუპერვარსკვლავებზე
  • ტომპსონი სტეფს დაცვაში აზღვევს და სროლებს და სივრცეს იდეალურად ინაწილებს მასთან
  • გრინის ბურთის გათამაშების უნარმა კარის წინააღმდეგ ორმაგი დაცვა უაზრობად აქცია

‘კლეი ტომპსონი რომ დაბრუნდება, გოლდენ სტეიტი მეტოქეებს აზღვევინებს’ - ასეთი იყო სტივენ ეი სმიტის პროგნოზი სულ ორიოდე კვირის წინ გოლდენ სტეიტის მორიგი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

სტეფ კარი ფორმაშია, მაგრამ გოლდენ სტეიტი სერიოზული ძალა ჯერ კიდევ არ არის. სწორედ ტომპსონია ის კაცი, რომელმაც ‘უორიორსი’ საჩემპიონო ამბებში უნდა დააბრუნოს.

‘უორიორსი’ პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა სტეფ კარისთან ასოცირდება. ეს მისი გუნდი და ორგანიზაციაა. კევინ დურანტის მისვლამ ეს გუნდი დაუმარცხებლად აქცია, თუმცა ამის მიუხედავად, გოლდენ სტეიტი მხოლოდ სუპერვარსკვლავების გუნდი არასოდეს ყოფილა. ამით განსხვავდებოდა ის, მაგალითად, თავისი კლივლენდელი მეტოქეებისგან. გოლდენ სტეიტის სისტემა კარის უნიკალურობის გარდა სხვა, ერთი შეხედვით, რიგითი მოთამაშეების უნივერსალურობაზე იდგა. კლეი ტომპსონი მათ შორის უპირველესია.

ამ სტატიაშიც ყურადღებას სწორედ გოლდენ სტეიტის ‘რიგითებზე’ და სტივ კერის სისტემაზე გავამახვილებთ. მოკლედ, რატომ იყო ‘უორიორსი’ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე კარი და დურანტი.

კლეი - სტეფის იდეალური მეწყვილე

ტომპსონი კარის იდეალური მეწყვილეა. სტეფი ის სუპერვარსკვლავია, რომელსაც თავისი მკვეთრად გამოხატული ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ამით განსხვავდება ის, მაგალითად, ლებრონის, დურანტის ან კავაი ლეონარდის ტიპის მოთამაშეებისგან, რომელთაც თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტი ეხერხებათ. სტეფი განსხვავებულია - ის კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მსროლელია, მარტივ და აღიარებულ რამეს ვამბობ. მაგრამ მის თამაშში შედარებით სუსტი მხარეებიც არის. მაგალითად, მას დაცვა ელიტურ დონეზე არასოდეს გამოსდიოდა. ეს ბუნებრივიცაა - მისი სიმაღლის, მასის და კომპლექტაციის მქონე მოთამაშისგან დაცვაში ათლეტურ თამაშს და ჭიდაობას არც უნდა ელოდო. თუმცა, სტეფის სუსტი მხარეები მისი გუნდისთვის პრობლემა არასოდეს ყოფილა, რადგან კლეი ტომპსონი, მისი მეწყვილე, ის მოთამაშეა, რომელიც სტეფს იდეალურად ავსებს - ხელს უწყობს მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენას და ავსებს მის სუსტ მხარეებს.

დაცვაზე დავიწყე საუბარი. 1, 5, 2, 11, 13ეს ‘უორიორსის’ დაცვის რეიტინგია მათი ხუთწლიანი (2014-2019) დომინაციის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ გოლდენ სტეიტი ისტორიაში უპირველეს ყოვლისა, თავისი შეტევით შევა, მათი დაცვა წლიდან წლამდე მთელ NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საჩემპიონო ამბიციის მქონე თითქმის ყველა გუნდს ჰყავს პერიმეტრზე ერთი ელიტური შემტევი მაინც. ‘უორიორსისთვის’ ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა. მათ სტეფის ‘დამალვა’ დაცვაში ყოველთვის შეეძლოთ და ეს პირველ რიგში კლეი ტომპსონის დამსახურებაა. ტომპსონი პერიმეტრზე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომელსაც ერთდროულად სულ მცირე სამი პოზიციის დაცვა შეუძლია. მეტოქის ყველაზე სახიფათო შემტევებს სწორედ ტომპსონი ეთამაშებოდა, სტეფს კი სტივ კერი მეტოქის შეტევის ყველაზე იოლ ოპციასთან ‘მალავდა’.

ეს დუეტი შეტევაშიც ერთმანეთს ავსებდა. გოლდენ სტეიტის სისტემაში, რომელიც ბურთის მოძრაობაზე იყო დაფუძნებული, სტეფი ერთადერთი კაცია, რომელსაც ბურთის ხანგრძლივად ტარება ჰქონდა ნებადართული. თავისი სროლების მნიშვნელოვან ნაწილს ის დრიბლინგის შემდეგ ასრულებს. სტეფის გვერდზე სხვა უკანახაზელი, რომელსაც ბურთის ხანგრძლივად ფლობს, რთულად წარმოსადგენი იქნებოდა. სამაგიეროდ, კლეი ტომპსონს შეტევისთვის ბურთის ტარება არ სჭირდება - ის NBA-ში საუკეთესო ე.წ. catch and shoot მსროლელია - ანუ კაცი, რომელიც უბურთოდ ბევრს მოძრაობს და პასის მიღების შემდეგ ეგრევე ისვრის.

კლეის და სტეფის სამიანები - პასის შემდეგ და პასის გარეშე

ამას სტატისტიკად ადასტურებს. თუკი კარის სროლები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება და სტეფი დრიბლინგის და პასის შემდეგ მსგავსი რაოდენობით ისვრის, კლეის სროლების აბსოლუტური უმრავლესობა - 93 პროცენტი - სწორედ პასის შემდეგ სრულდება.

ამ დეტალში ტომპსონის ხასიათი ყველაზე უკეთ ჩანს. კლეი არც ჯეი ჯეი რედიკია და არც კაელ კორვერი. მას ძალიან კარგად შეუძლია, თავადაც შექმნას სროლები და ბურთის ტარებაც ეხერხება. თუმცა, ამაზე შეგნებულად უარს ამბობს, რადგან მის გუნდს და გოლდენ სტეიტის სისტემას ასე თამაში უფრო სჭირდება. ის ერთ-ერთი ყველაზე ალტრუისტი მოთამაშეა - კაცი, რომელიც თავისი გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომელიმე სხვა გუნდში კლეი გუნდის უპირობო ლიდერი იქნებოდა, უფრო მეტი სროლა და ქულებიც ექნებოდა და თავისი გუნდი ეყოლებოდა. ასე მოიქცეოდა ალბათ თანამედროვე NBA-ს მოთამაშეების აბსოლტური უმეტესობა. კლეი კი შეგნებულად უარს ამბობს სუპერვარსკვლავის სტატუსზე და გოლდენ სტეიტში იმ როლს ირგებს, რომელიც გუნდს უფრო მეტად სჭირდება, როლს, რომელიც სტეფს საშუალებას აძლევს, თავისი თამაში ყველაზე უკეთ აჩვენოს.

როცა ‘უორიორსს’ უჭირს და სტეფს, ან გოლდენ სტეიტის სხვა ლიდერებს თამაში არ მისდით, კლეი ყოველთვის მზად არის, რომ თამაში თავის თავზე აიღოს. ამ მომენტებში ყველაზე მეტად ჩანს, თუ რეალურად რამდენი შეუძლია მას. ასე იყო მაგალითად ოკლაჰომასთან კონფერენციის ფინალში, როცა ეპიკურ სერიაში, მეექვსე თამაშში, ვესტბრუკის და დურანტის ოკლაჰომა მეოთხე მეოთხედის წინ 8 ქულით წინ იყო და გოლდენ სტეიტი თამაშში კლეიმ დააბრუნა თავისი პლეი ოფისთვის სარეკორდო 11 სამქულიანით და შემდეგ 41 ქულით გაამარჯვებინა კიდეც. ეს მისი კარიერის ალბათ საუკეთესო მატჩია. ამის შემდეგ მას სამუდამოდ შერჩა მეტსახელი - ‘Game 6 Klay - მეექვსე თამაშის კლეი’.


ასევე მოხდა ჰიუსტონთან კონფერენციის კიდევ ერთი ფინალის კიდევ ერთ მეექვსე თამაშში, როდესაც მან თავისი 35 ქულით ‘უორიორსს’ სერიაში ანგარიში გაათანაბრებინა. ან NBA-სთვის სარეკორდო ერთ თამაშში ჩაგდებულ 14 სამქულიანზე რას იტყვით, ანდაც 60 ქულაზე 29 წუთში?! ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: ტომპსონს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ის ერთ სტატისტიკურ თამაშში აჩვენებს.


ის და სტეფი სათამაშო და სასროლ ზონებსაც იდეალურად ინაწილებენ. კარი, რომელსაც ხშირად ბურთი თავისი ნახევრიდან მოაქვს, გოლდენ სტეიტის სისტემაში იშვიათად ხვდება კუთხეებში, კუთხის სამქულიანის პოზიციაზე. ამ ადგილიდან სტეფის სამქულიანების მხოლოდ 13 პროცენტი სრულდება.

კუთხის სამქულიანების მაჩვენებელი

სამაგიეროდ, კლეი ხშირად სწორედ კუთხეებში იხსნება, ამ პოზიციიდან ძალიან კარგად ისვრის და თავისი სამქულიანების თითქმის მეოთხედს სწორედ აქედან ასრულებს.

უნივერსალური მსროლელი

71, 42, 47, 44, 40 - ეს კლეის სროლის პროცენტია სხვადასხვა დისტანციიდან. გასაგებია, რომ ერთ მეტრამდე დისტანციიდან ანუ უშუალოდ ფარის სიახლოვეს, დანქების და ლეი აფების დროს ის ყველაზე მაღალი პროცენტით (71) ისვრის. ყველა მოთამაშე ასეა. მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ნებისმიერი დისტანციიდან ის დაახლოებით ერთი პროცენტით ისვრის - არ აქვს მნიშვნელობა 2 მეტრიდან ასრულებს სროლას, თუ 7-დან - სროლის პროცენტი იგივე რჩება.

მსროლელის კვალობაზე ტომპსონი ძალიან უნივერსალურია და მეტოქის დაცვისთვის ეს დამატებითი თავსატეხია - კლეის მისთვის არასასურველ პოზიციაზე ვერ გაუშვებ. ასეთი პოზიცია მას უბრალოდ არ აქვს.

სროლების ყველაზე დიდ ნაწილს, 42 პროცენტს ის პერიმეტრიდან ასრულებს, ხშირად ისვრის გრძელ ორქულიანებსაც (მისი სროლების 21 პროცენტი), მეტოქის ფარის სიახლოვეს კი უფრო იშვიათად ხვდება.

სროლების პროცენტული რაოდენობა დისტანციის მიხედვით 

ეს უპირველეს ყოვლისა გოლდენ სტეიტის სათამაშო სისტემით არის განპირობებული. სტივ კერის სათამაშო კონცეფცია მარტივ იდეას ეფუძნება - სამი მეტია, ვიდრე ორი. ანუ, თუკი კლეის 44 ან 47-პროცენტიანი სროლა ორქულიანი დისტანციიდან პოზიციაზე 0.88 ან 0.94 ქულას უდრის (NBA-ს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დაბალი), მისი 40-პროცენტიანი სროლა პერიმეტრიდან უკვე პოზიციაზე 1.2 ქულას ნიშნავს (NBA-ს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალი).

ანუ, როცა სტეფის და კლეისნაირი მსროლელები გყავს, რომლებიც პერეიმეტრიდან ისეთივე პროცენტით ისვრიან, როგორც ორქულიანი დისტანციიდან, რატომ უნდა ისროლო ორქულიანი, როცა სამქულიანის სროლა შეგიძლია?

ცენტრი, ფორვარდი და გამთამაშებელი

თუ სათაურში იფიქრეთ, რომ ეს ქვეთავი სამ სხვადასხვა კაცზეა, ძალიან შეცდით. ცენტრიც, ფორვარდიც და გამთამაშებელიც ერთი კაცია და მას დრეიმონდ გრინი ჰქვია.

სტივ კერის სისტემა ორ მთავარ იარაღს ეფუძნებოდა: სტეფის (და კლეის) სამქულიანი სროლა, რამაც უბრალოდ გაზარდა სივრცე შეტევის დროს და მოთამაშეების უნივერსალურობა. ‘უორიორსს’ ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე ჰყავდა, რომლებიც იმდენად უნივერსალურები იყვნენ, რომ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეეძლოთ. ტომპსონზე უკვე გითხარით: დაცვაში სამ პოზიციას იცავს და შეტევაში მსროლელიც შეუძლია იყოს და მსუბუქი ფორვარდიც. ანდრე იგუდალა დაცვაში ოთხი პოზიციის წინააღმდეგ თამაშობს და შეტევაში სროლაც იცის და ბურთის წამოღებაც, შონ ლივინგსტონი გამთამაშებელიც შეიძლება იყოს და გარდიც, დაცვაშიც სამი პოზიციის წინააღმდეგ თამაშობს. ანუ გოლდენ სტეიტმა დაარღვია ტრადიციული პოზიციების სისტემა.

როცა უორიორსს პარკეტზე თავისი ე.წ. სიკვდილის შემადგენლობა (კარი, ტომპსონი, იგუდალა, დურანტი, გრინი) ჰყავდა ნებისმიერ მათგანს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო შეტევა და როგორც შეტევის, ასევე დაცვის დროს ისინი მუდან ცვლიდნენ პოზიციებს. როგორ გინდა დაიცვა დურანტი, რომელიც ცენტრის სიმაღლეა და მობილურობაში ნებისმიერ თავისი სიმაღლის მქონე მოთამაშეს ჯობნის?

ყველაზე უნივერსალური კაცი ამ ხუთეულშიც და ზოგადად, გოლდენ სტეიტშიც დრეიმონდ გრინი იყო. დაცვაში ის ერთნაირად კარგად იცავს თავს პერიმეტრზე მეტოქის გარდების წინააღმდეგ და სამწამიანშიც მეტოქის ფორვარდების და ცენტრების პირისპირ. ის ნომინალური მძიმე ფორვარდია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრად თამაშიც შეუძლია.

გრინის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი კი ბურთის გათამაშებაა. თამაშში, მთელი კარიერის მანძილზე ის საშუალოდ 7 შედეგიან გადაცემაზე მეტს ასრულებს. ეს ნომინალური გამთამაშებლის სტატისტიკაა. როცა კარი შეტევას იწყებს და მეტოქე მასზე ორმაგ დაცვას თამაშობს გრინი პერიმეტრზე ამოდის და კარისგან პასს ელოდება, შემდეგ კი, როცა მისი გუნდი 4-3-ზე უპირატესობაშია, იმდენად კარგად ანაწილებს ბურთს, რომ უორიორსი თავისუფალ სროლას იღებს.


გრინის ამ უნარმა კარის წინააღმდეგ ორმაგი დაცვის თამაში უაზრობად აქცია. აზრი არ აქვს, ორმაგი დაცვა ეთამაშო მეტოქის გამთამაშებელს, როცა მისი ცენტრი თუ მძიმე ფორვარდი ასევე გამთამაშებელივით ანაწილებს ბურთს.

დასკვნა

გოლდენ სტეიტი ისტორიული მასშტაბის სუპერგუნდად არა (მხოლოდ) სუპერვარსკვლავებმა, არამედ მისმა სისტემამ აქცია. სისტემამ, რომელიც უნივერსალურ მოთამაშეებზე იდგა - უპირველეს ყოვლისა კი ტომპსონზე და გრინზე. სტეფის (და დურანტის) მთელი სიდიადის მიუხედავად, გოლდენ სტეიტი მაინც ერთ მთლიანობად, ერთ სისტემად ანდა აღვიქვათ. კლეის დაბრუნება ამ გუნდს შემდეგი სეზონიდან ახალი სიცოცხლის დაწყებაში უნდა დაეხმაროს. დურანტის, იგუდალას და სხვების წასვლის შემდეგ, კლუბის მენეჯმენტმა ზუსტად გამოკვეთა პრიორიტეტები - რჩებიან სტეფი, როგორც ორგანიზაციის სახე და სიმბოლო, ტომპსონი და გრინი - გოლდენ სტეიტი სწორედ ეს არის.

კომენტარები

ბოლო ამბები