Thumbnail
  • ევროლიგის მეოთხედფინალები სამ მოგებამდე გაგრძელდება
  • თორნიკე შენგელიას გუნდის მეტოქე თურქული ფენერბაჰჩე იქნება

საკალათბურთო ევროლიგის გადადებულ მატჩში სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა ათენის პანათინაიკოსი 112:83 გაანადგურა, რის შემდეგაც ტურნირის პლეი ოფის ყველა მონაწილე გაირკვა. მათ შორის, მეტოქის ვინაობა შეიტყო მოსკოვის ცსკა-მაც, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იცავს.

რუსულ გრანდს 14 აპრილს იმავე პანათინაკოსთან გადადებული შეხვედრა აქვს დარჩენული, თუმცა, აქტივში 23 მოგება და 10 მარცხი გააჩნია და უკვე ცხადია, რომ მე-2 ადგილს ვერავინ შეეცილება. შესაბამისად, შენგელიას კლუბი მეოთხედფინალში მე-7 პოზიციაზე გასულ სტამბულის ფენერბაჰჩეს გაეჯიბრება და ცხადია, რომ იოლი გასეირნება არ ელის. სრულად საპლეიოფო წყვილები ასე გამოიყურება:

ბარსელონა (ესპანეთი, 1) – ზენიტი (რუსეთი, 8)
ცსკა (რუსეთი, 2) – ფენერბაჰჩე (თურქეთი, 7)
ანადოლუ ეფესი (თურქეთი, 3) – რეალი (ესპანეთი, 6)
მილანი (იტალია, 4) – ბაიერნი (გერმანია, 5)

თორნიკე შენგელიას მოსკოვში პერსონალური ქომაგებიც ჰყავს

მეოთხედფინალები 20 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდში ჩატარდება და სამ მოგებამდე გაგრძელდება, მოედნის უპირატესობა კი პირველად დასახელებულ კლუბებს ექნებათ. "ოთხთა ფინალს" გერმანიის ქალაქი კიოლნი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ევროლიგის ჩემპიონი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ გაირკვა, 2018-19 წლების სეზონის გამარჯვებული კი სწორედ ცსკა გახდა. მოსკოველებმა, რომელთა ღირსებასაც შენგელია მაშინ არ იცავდა, ფინალში ხსენებულ ეფესელებს 91:83 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსეთის საუკეთესო კლუბს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 31 მატჩში მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 24:34 წუთი, 11.4 ქულა, 4.8 მოხსნა, 2.2 პასი, 1.2 ჩაჭრა. ქართველ მძიმე ფორვარდს ამჟამად თვალის მცირე ტრავმა აქვს და ბოლო მატჩები ამ მიზეზით გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები