Thumbnail
  • რუსეთი 3:0 საქართველო
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფურ რაუნდში 10 ქულა მოაგროვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ჩაატარა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მე-2 ჯგუფის ლიდერ რუსეთთან უშანსოდ დამარცხდა – 0:3.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს და უკვე მე-3 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ: გოლები რუსების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობინიომა და ანდრეი აფანასიევმა გაიტანეს. ტაიმი, რომელშიც ქართველ ფეხბურთელებს ბევრი არაფერი გამოსვლიათ, ასეც დასრულდა, შესვენების შემდეგ კი, მალევე დუბლის შესრულება აფანასიევმა მოახერხა. სტუმართაგან ყველაზე რეალური შანსები ვახტანგ კეკელიას ჰქონდა, რომელიც რონინიოს პასების შემდეგ, ახლო მანძილიდან 2-ჯერ ურტყამდა, თუმცა, მიზანს ააცილა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა დღეს უფრო მეტად დატვირთა ქართველი მოთამაშეები, რომელთაც წინა მატჩებში მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდათ. საგულისხმო გახლდათ ისიც, რომ ქართველთა კარს ამჯერად არა – გუნდის კაპიტანი ზვიად კუპატაძე, არამედ თორნიკე ბუკია იცავდა, რომელმაც არაერთი ურთულესი დარტყმა მოიგერია.

📺 რუსეთი 3:0 საქართველო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და 10 ქულა მოაგროვა, რისი წყალობითაც ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო. მიზანს კიდევ უფრო იოლად მიაღწია რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო და 18 ქულით მე-2 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს კი ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში უმასპინძლებს.

🇬🇪 ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით და ევროპის ჩემპიონატის საგზურით...

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Monday, April 12, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები