Thumbnail

როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად, ფეხბურთელის შედეგიანობა იკლებს, სამაგიეროდ, იზრდება მისი ტრავმების სიმძიმეც და სიხშირეც. მაგრამ გამონაკლისები ამ წესსაც აქვს და ცნობილი გამოთქმა, რომ ფეხბურთელი მისი ასაკით არასდროს უნდა შევაფასოთ, არცთუ იშვიათად ფაქტებით მტკიცდება. წარმოგიდგენთ მსოფლიო ფეხბურთის იმ ხუთ ვარსკვლავს, რომლებიც 30 წლის ასაკის გადაცილების შემდეგ უკეთესები გახდნენ. 

ფაბიო კანავარო

ფაბიო კანავარო 30 წლამდეც ბრწყინვალე მცველი იყო, მაგრამ კარიერის საუკეთესო შედეგებს მერე მიაღწია. 29 წლამდე ის პარმაში თამაშობდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა ჯერ ინტერში, შემდეგ კი იუვენტუსში. 33 წლის იტალიელმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და კალჩოპოლის შედეგად სერია B-ში დაქვეითებული იუვენტუსიდან მადრიდის რეალში გადავიდა.

იტალიელმა მცველმა ყველა ინდივიდუალური ჯილდო თავის მეოთხე ათწლეულში მოიპოვა: "ოქროს ბურთი", "ფიფას წლის ფეხბურთელი", "იტალიის წლის ფეხბურთელი" და "იტალიის საუკეთესო მცველი". ფაბიო დაცვის ცენტრის მოთამაშის ეტალონად იქცა. 

ჩავი ერნანდესი

28 წლამდე ის უბრალოდ ბარსელონას კარგი ნახევარმცველი იყო. ჩანდა ლა ლიგაში, იგებდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ "დიადის" სტატუსამდე ბევრი აკლდა. როდესაც ხოსეპ გვარდიოლა, როგორც მწვრთნელი, კატალონიელთა მთავარი გუნდის დონემდე გაიზარდა, სპეციალისტმა ჩავის ფუნქცია შეუცვალა - მინიმალური დაცვითი სამუშაო, მაქსიმალური შემოქმედება შეტევაში. საფეხბურთო სამყარომ სწორედ ამის შემდეგ იხილა რიგითი ესპანელი ნახევარმცველის ლეგენდად გარდასახვა.

2008/09 სეზონიდან დაწყებული, ჩავი ბარსას ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ხოლო როდესაც 30 წელი შეუსრულდა, ახალ დონეზე ამაღლდა - 3 გოლი და 15 საგოლე პასი ლა ლიგაში. ბარსელონამ მსოფლიო მასშტაბის პლეიმეკერი მიიღო და ბევრის აზრით, 2010 წელს "ოქროს ბურთს" ყველაზე მეტად სწორედ ჩავი იმსახურებდა. ამას გარდა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა თავის მეოთხე ათწლეულში მოიგო მუნდიალიც და ევროც.

ფაბიო კვალიარელა

სამპდორიას 38 წლის ფორვარდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი უკვე გაიტანა, თუმცა გამორჩეული ყურადღება მან ორი წლის წინ დაიმსახურა, როდესაც სერია A-ს ბომბარდირთა დავაში, 26 გატანილი გოლით, ყველას აჯობა - მათ შორის, კრიშტიანო რონალდოსაც! და ეს მაშინ, როდესაც ფაბიო 25-ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი.

შეიძლება ითქვას, კვალიარელა დაუფასებელი მოთამაშეა, რომელმაც თავის მეოთხე ათწლეულში აჩვენა ყველას, რომ სუპერბომბარდირია. თანაც, იტალიელმა თავის კარიერაში ყველა ინდივიდუალური ჯილდო მხოლოდ ბოლო წლებში დაიმსახურა.

ანტონიო დი ნატალე

30 წელი მას ჯერ კიდევ 2007 წელს შეუსრულდა, იქამდე კი ის უბრალოდ საშუალო დონის კლუბის საიმედო ფორვარდად მიიჩნეოდა. აქედან მოყოლებული, ანტონიომ გოლების გატანა ევროპის ტოპფორვარდების დონეზე დაიწყო. ის ზედიზედ ორჯერ გახდა სერია A-ს საუკეთეო ბომბარდირი, ერთხელ - ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში კი 22 და მეტი გოლის გატანას ახერხებდა. ყველაფერთან ერთად, დი ნატალე იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც გახდა ძირითადი ფორვარდი. იტალიელი თავდამსხმელი, რომელმაც კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა, სერია A-ს ნამდვილ ლეგენდად დარჩა!

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მილანში დღემდე შედეგიანად მოთამაშე 39 წლის შვედ თავდამსხმელს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილიც აისრულა, 30 წლის ასაკამდე 232 გოლი ჰქონდა გატანილი, 30-ის შემდეგ კი 300-იან ნიშნულს დიდი ხანია გადააბიჯა და მაჩვენებელს ზრდის. 

ზლატანი არც ახალგაზრდობაში ყოფილა სწორხაზოვნად მოთამაშე, მოსაწყენი ფორვარდი, მაგრამ ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების ფონზე, მან მაინც მოახერხა მომატების რესურსის გამოძებნა. თავად შვედი ამ ფაქტს ძლიერი სურვილითა და მონდომებით ხსნის. მისი თქმით, ფეხბურთისთვის რაღაც უნდა გაწირო, ყველაფერი კი ტვინიდან მომდინარეობს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პროგრესი მუხლის მყესების გაწყვეტამაც ვერ შეაჩერა და 30 წლის ასაკის გადაბიჯების შემდეგაც მიმდინარე მის ფენომენალურ კარიერას შესწავლა აშკარად მეცნიერულ დონეზე სჭირდება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები