Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-8 ტურში დინამო ბათუმმა წყალტუბოს სამგურალი გიორგი ფანცულაიასა და გიორგი ნიქაბაძის გოლებით 2:0 დაამარცხა და წაუგებელი სერია გააგრძელა. გია გეგუჩაძს გუნდი მიმდინარე სეზონში ერთადერთია, რომელსაც მარცხი არ აქვს. თამაშის შემდეგ კომენტარები გუნდების მწვრთნელებმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი ფანცულაიამ (გოლი და საგოლე პასი) გააკეთეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "თამაშს დადებითად შევაფასებ, რადგან მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ. ეს ნამდვილად არ იყო იოლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტოქეს სათამაშო კლასით ვაჯობეთ, რომელიც ძალიან მონდომებული და მებრძოლი გუნდია. ამდენად, მთლიანობაში კმაყოფილები ვართ."

გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "რთული თამაში გამოვიდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია და იმედია, ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა."

უჩა სოსიაშვილი (სამგურალის მთავარი მწვრთნელი): "საკმაოდ კარგი თამაში იყო, ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. დინამო ბათუმი ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმაც კარგი თამაში აჩვენა. ჩემი აზრით, მარცხი მომენტების რეალიზაციაში სხვაობამ განაპირობა: დინამო ბათუმმა თავისი შანსები უკეთ გამოიყენა, ჩვენ კი ჩვენი საგოლე მომენტები, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ." 


დინამო ბათუმი 8 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო სამგურალს 6 ქულა აქვს და თელავთან ერთად მეშვიდე-მერვე პოზიციებს იყოფს. გია გეგუჩაძის გუნდი პირველი წრის ბოლო ტურში გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე დილას დაუპირისპირდება (17 აპრილს), ხოლო სამგურალი იმავე დღეს იმერულ დერბიში ტორპედოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები