Thumbnail

ორი გოლი და ბევრი შანსი - დინამო ბათუმმა სამგურალიც დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 2:0 სამგურალი
  • გოლები: 1:0 ფანცულაია (5), 2:0 ნიქაბაძე (53)

საქართველოს ჩემპიონატის მე-8 ტურში დინამო ბათუმმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მორიგი 3 ქულა მშვიდად მოიპოვა.

თამაში ბათუმელთა აქტიური შეტევებით დაიწყო, გეგუჩაძის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა: მე-5 წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ, ჯაბა ჯიღაურის ჩაწოდების შემდეგ თავით, ზუსტი დარტყმით გახსნა.

ზღვისპირელები პირველ ნახევარში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და დასკვნით ფაზაში უფრო მეტი სიზუსტით რომ ეთამაშათ, ანგარიშის სხვაობას შესვენებამდე გაზრდიდნენ. 35-ე წუთზე მამუკა კობახიძის დარტყმა მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია, რასაც 3 წუთში ჯაბა ჯიღაურის აქტიურობა მოჰყვა, მაგრამ ეპიზოდი გოლით ისევ არ დასრულდა. პირველ ნახევარში ბოლო საგოლე შანსი გიორგი ნიქაბაძეს ჰქონდა, მაგრამ ბათუმელთა ფორვარდმა კარს ოდნავ ააცილა.

სამაგიეროდ, მე-2 ტაიმში ბათუმელებმა პირველივე სახიფათო იერიში გოლად აქციეს. მარცხენა ფლანგზე გიორგი ფანცულაიამ იაქტიურა და მისი გადაცემით გიორგი ნიქაბაძემ თავით ვარდნაში დაარტყა, რის შედეგადაც სეზონში მე-2 გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ, თუმცა 74-ე წუთზე სამგურალს დიდებული შანსი ჰქონდა გასატანად. ერთ ეპიზოდში წყალტუბოელები ორჯერ დაემუქრნენ დინამოელთა კარს და ბათუმელები ლაზარე კუპატაძემ იხსნა, მერე დამატებაზე პრაქტიკულად 1 მეტრიდან ირაკლი ლექვთაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა. სახიფათო შეტევას ბათუმელებმა მალევე უპასუხეს: ვლადიმერ მამუჩაშვილის ჯარიმა ქვილითაიამ მოიგერია, გროცურეკი დამატებაზე ცდილობდა გატანას, მაგრამ მასაც მეკარემ აჯობა და სამგურალი მესამე გოლს გადაურჩა.

88-ე წუთზე მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან ბენჟამენ ტეიდმა 9-წუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, თუმცა, ამას შედეგზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია და საბოლოოდ, დინამო ბათუმმა 2:0 იმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა.

დინამო ბათუმი 8 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო სამგურალს 6 ქულა აქვს და თელავთან ერთად მეშვიდე-მერვე პოზიციებს იყოფს. გია გეგუჩაძის გუნდი პირველი წრის ბოლო ტურში გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე დილას დაუპირისპირდება (17 აპრილს), ხოლო სამგურალი იმავე დღეს იმერულ დერბიში ტორპედოს უმასპინძლებს.

დინამო ბათუმი 2:0 სამგურალი

გოლები: 1:0 ფანცულაია (5), 2:0 ნიქაბაძე (53)

დინამო ბათუმი (4-4-2): კუპატაძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ჯიღაური (90. ჩუკვურა), ალთუნაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე (56. გროცურეკი)- ფანცულაია (56. შინდაგორიძე), ნიქაბაძე (72. მჭედლიძე).

სამგურალი (3-5-2): ქვილითაია - ქურდაძე, ასათიანი, ბურჯანაძე - ბანძელაძე, გილმორი, ტურე (46. ლექვატძე), ფონიავა (62. ვერულიძე), კალანდრიშვილი (77. გაზდელიანი) - დოლიძე (62. კირკიტაძე), . კუხიანიძე (77. ბუხაიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები