Thumbnail

მოურინიოს ტოქსიკური მმართველობა და კონფლიქტები მანჩესტერში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • The Athletic-მა 'ოლდ ტრაფორდზე' ჟოზეს სამწლიანი მმართველობა გაიხსენა
  • პორტუგალიელს კლუბი და ქალაქი თავიდანვე არ მოეწონა
  • ჟოზეს მალევე გაუფუჭდა ურთიერთობა მოთამაშეებსა და მენეჯმენტთან

ჟოზე მოურინიომ მანჩესტერში თითქმის სამი წელიწადი გაატარა და კლუბს სკანდალით დაშორდა. სხვა ყოფილი კლუბებისგან განსხვავებით, ჟოზეს "ოლდ ტრაფორდთან" ცუდი მოგონებები აკავშირებს - მხარეებს ერთმანეთი დღემდე არ უყვართ.

ჟოზე რთული ხასიათის კაცია, თუმცა სხვა ყოფილ კლუბებთან ისეთი ცუდი ურთიერთობა არ აქვს, როგორიც მანჩესტერთან. ინტერში მოურინიო დღემდე ძალიან უყვართ, რეალსა და პერესთან რესპექტაბელური ურთიერთობა აქვს, ჩელსიდან კი ის აბრამოვიჩის ინიციატივით გაუშვეს და პირადად ის ლონდონში თავს ძალიან კარგად გრძნობდა.

ბოლო ტურში, ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრის წინ, ბრიტანულმა "ატლეტიკმა" მოურინიოს მანჩესტერში ყოფნის დროინდელი რამდენიმე ინსაიდერული ამბავი შეკრიბა და ერთ სტატიაში გააერთიანა. ამ სტატიის მიხედვით, მოკლედ წარმოგიდგენთ, თუ როგორ გაფუჭდა ჟოზესა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ურთიერთობა.

მანჩესტერი თავიდანვე არ მოეწონა

მოურინიო მანჩესტერში თავიდანვე უცხო აღმოჩნდა. პირველი დღიდანვე ჩანდა, რომ ეს მისი კლუბი და მისი ქალაქი არ იყო. ამ მოსაზრებას თავად ჟოზე ამყარებდა - თავიდანვე ლანძღავდა და აკრიტიკებდა კლუბის მთელ ინფრასტრუქტურას. არ მოსწონდა არც სტადიონი (რაც ძალიან უცნაურია), არც საწვრთნელი ბაზა და არც თავად მოედანი. ჟოზე ამბობდა, რომ მანჩესტერი წარსულით ცხოვრობს.

ჟოზე კერინგტონში, იუნაიტედის ბაზაზე

მის უკმაყოფილებას იწვევდა, რომ იუნაიტედის საწვრთნელ ბაზაზე, კერინგტონში, სასადილო ძალიან ადრე იკეტებოდა და იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ ინდივიდუალური მომზადებისთვის ბაზაზე დარჩენა სურთ, კვების საშუალება არ აქვთ. 

მოურინიოს თავიდანვე არ მოეწონა მანჩესტერი, როგორ ქალაქი და 895 დღის მანძილზე, ანუ თითქმის სამი წელიწადი, ის სასტუმროში ცხოვრობდა. თავის მხრივ, ეს უკვე კლუბში არ მოსწონდათ, რადგან სასტუმროში ცხოვრება ჟოზეს მხრიდან კლუბში აღიქმებოდა გზავნილად, რომ ის აქ დიდი ხნით დარჩენას არ აპირებს და სახლიც ამიტომ არ სჭირდება. კლუბი შეთანხმებული იყო, რომ ჟოზეს სახლს უქირავებდა, თუმცა სასტუმროს ხარჯების გადახდაზე უარი თქვა და ამ სამი წლის მანძილზე ჟოზემ 500 000 ფუნტზე მეტი თავად გადაიხადა.

არ მოსწონდა კლუბი

მოურინიოს თავიდანვე არ მოეწონა მანჩესტერის საკლუბო სტრუქტურაც. მან წლების მანძილზე ჩამოყალიბებული წესების შეცვლა დაიწყო და რამდენიმე გამოცდილ, ძველ თანამშრომელს გადაეკიდა. იუნაიტედში, სადაც კლუბის შიგნით ოჯახური გარემოა, ეს მიუღებელი იყო.

მაგალითად, მას არ მოსწონდა ანალიტიკური დეპარტამენტი და უფრო მეტად თავის შეხედულებებს და ინტუიციას ენდობოდა, ვიდრე რიცხვებსა და სტატისტიკას. ამ დეპარტამენტის დიდი ნაწილი მან სამსახურიდან გაუშვა და მის მონაცემებს ნაკლებად ენდობოდა. იმ ოთახში, სადაც ანალიტიკური დეპარტამენტი იყო, ჟოზემ მასაჟისტებისთვის აღდგენითი ცენტრი გააკეთებინა.

 მოურინიო ოლდ ტრაფორდის ტრიბუნებს არ უყვარდა

ასევე იქცეოდა ის ტრავმირებული ფეხბურთელების შემთხვევაში. ის ექიმების მონაცემებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ხშირად ტრავმირებულ ფეხბურთელებს აიძულებდა, რომ მაინც ეთამაშათ. 

კონფლიქტი ფეხბურთელებსა და დირექტორებთან

მოთამაშეებთან ურთიერთობა ჟოზეს მალევე გაუფუჭდა. ფეხბურთელებს არ მოსწონდათ, რომ პორტუგალიელი მათ სახალხოდ აკრიტიკებდა. პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ, გუნდი შიგნიდან მალევე დაიყო დაჯგუფებებად - ზოგი ჟოზეს მიმართ ლოიალური იყო, ზოგიც - პირიქით. მაგალითად, ზლატანი და ნემანია მატიჩი მისი ერთგულები იყვნენ, თუმცა პოგბას, ალექსის სანჩესს და ლუკ შოუს ის ძალიან არ უყვარდათ.

ამავე დროს, ჟოზემ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავები გადაიკიდა, რომლებიც მას ტელევიზიიდან ექსპერტებისა და წამყვანების რანგში აკრიტიკებდნენ. მოურინიოს ეს ძალიან არ მოსწონდა და პრესსამსახურის მეშვეობით ცდილობდა, რომ კლუბის ლეგენდების მისადმი კრიტიკა არ დაეშვა. მაგალითად, მას მუდამ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა იუნაიტედის ლეგენდებთან - პოლ სქოულზსა და როი კინთან, რომლებიც მას მუდამ აკრიტიკებდნენ.

ფეხბურთელების გარდა, მოურინიომ ურთიერთობა გაიფუჭა კლუბის მენეჯმენტთანაც. ჟოზე მენეჯმენტს ტრანსფერების გამო საყვედურობდა. მაგალითად, ის თითქმის ორი სეზონის განმავლობაში ითხოვდა ცენტრალურ მცველს, თუმცა კლუბმა მის მიერ მოთხოვნილი ერთ-ერთი კანდიდატი ჰარი მაგუაიერი მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ იყიდა და თანაც, 15 მილიონით მეტი გადაიხადა. ჟოზეს კრიტიკის საპასუხოდ კი მენეჯმენტი მისთვის საჭირო მოთამაშეებს დემონსტრაციულად არ ყიდულობდა.

მოურინიო და ედ ვუდვორდი

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოურინიოს და იუნაიტედის ურთიერთობა თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული - მხარეები უბრალოდ არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს.

მხარეებს ერთმანეთი დღემდე არ უყვართ. მაგალითად, ჟოზეს, ჩელსისგან განსხვავებით, მანჩესტერში მეგობრები არ ჰყავს და "ოლდ ტრაფორდზეც" მოურინიო ძალიან არ უყვართ. ბუნებრივია, მხარეებს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა ტოტენჰემის გუშინდელი მარცხის შემდეგ, რასაც ჟოზეს კრიტიკა მოჰყვა - პორტუგალიელმა სულშერი არ დაინდო და მასზე საკმაოდ უცნაური რაღაცები ილაპარაკა. მაგალითად, აღნიშნა, რომ სონს უკეთესი მამა ჰყავს, ვიდრე სულშერია.

კომენტარები

ბოლო ამბები