Thumbnail
  • მემფისი 125:132 ინდიანა
  • ბითაძემ 18 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 დაფარება ჰქონდა
  • ინდიანადან საუკეთესოები ლევერტი, ოლადიპო და საბონისი იყვნენ

გოგა ბითაძის ინდიანა მემფისს ხვდებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ინდიანა აღმოსავლეთში ე.წ. play in-ის, გადათამაშების ზონაშია და სულ ერთი წაგებით მეტი აქვს, ვიდრე მეექვსეადგილოსან ბოსტონს. პეისერსის მიზანია, პლეი ოფში გადათამაშების გარეშე მოხვდეს და მაშინ, როცა სეზონის ბოლომდე ბევრი აღარ დარჩა, თითოეულ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გოგამ კვლავ ნორმალური სათამაშო დრო მიიღო და 18 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 7 ქულაა. ბითაძეს სროლა არ წაუვიდა და 7-დან 2 სროლა ჩააგდო, მათ შორის 4-დან 1 სამქულიანი. სწორედ ამიტომ, მან ძალიან შედეგიან შეხვედრაში მეტი სროლა თავის თავზე აღარ აიღო. სამაგიეროდ, ქართველი ცენტრი ძალიან კარგი იყო სხვა კომპონენტებში - 6 მოხსნა შეასრულა, მათ შორის 2 მეტოქის ფარზე და 18 წუთში ფენომენალური 5 დაფარება ჰქონდა. მის აქტივშია, რომ ბურთი საერთოდ არ დაუკარგავს და მხოლოდ 2 ჯარიმა აიღო. მის პასივში ის არის, რომ როგორც მთელ სათადარიგო სკამს, მასაც უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა - მინუს რვა.


NBA-ში მოთამაშის შედეგიანობა სტანდარტულად 36 წუთზე ითვლება. ამ ტემპით გოგას 36 წუთში სულაც სამმაგი დუბლის გაკეთება შეეძლო.

ინდიანადან ყველაზე შედეგიანი უკანახაზელები, კრის ლევერტი და მალკოლმ ბროგდონი იყვნენ. ლევერტმა 20-დან 14 სროლა გამოიყენა და 34 ქულა დააგროვა, ბროგდონმა კი 21-დან 10 სროლა ჩააგდო და მის ანგარიშზე 29 ქულა იყო. ძალიან კარგი იყო დომანტას საბონისი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა.

გოგამ ინდიანას გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა

ინდიანამ მეტოქე 16 სროლით ნაკლები შეასრულა (115-99), მაგრამ მაინც მოიგო, რადგან უკეთესი პროცენტით ისროდა. განსაკუთრებული სხვაობა სამქულიანებში იყო - პეისერსმა 37-დან 13 სამიანი ჩააგდო, მემფისმა კი - 20-დან 6. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტოქემ პეისერსს მის ფარზე 24-ჯერ მოუხსნა ბურთი და 11-ჯერ მოპარა, ინდიანას 12 დაკარგვაც ჰქონდა და სწორედ ამ კომპონენტების გამო მიიღო მემფისმა დამატებითი პოზიციები შეტევაში. 

მემფისიდან საუკეთესო ლიეტუველი ცენტრი იონას ვალანჩუნასი იყო, რომელმაც 32 წუთში 34 ქულა და ფენომენალური 22 მოხსნა დააგროვა. მათ შორის 12-ჯერ მოხსნა ბურთი მეტოქის ფარზე.

კომენტარები

ბოლო ამბები