Thumbnail

ცუდი ჟესტი თუ საჩუქარი? რონალდომ იუვეს მაისური მიწაზე მოისროლა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდოს საქციელმა ბევრი გააღიზიანა
  • პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნერვები ვერ მოთოკა

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში იუვენტუსმა ჯენოას 3:1 მოუგო, მაგრამ კრიშტიანო რონალდომ მოედანი მაინც გაღიზიანებულმა და გაბრაზებულმა დატოვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პორტუგალიელს გოლი არ გაუტანია.

რონალდომ საფინალო სასტვენის შემდეგ მაისური გაიხადა და მოედანზე მოისროლა, რამაც გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელში იუვეს ფანები წერენ: "მაისური ყველაზე მთავარია, იმის მიუხედავად, პელე გქვია თუ რონალდო", - ასეთია მესიჯების უმრავლესობის შინაარსი.

რონალდო სერია A-ში 25 გოლით საუკეთესო ბომბარდირია

რონალდოს ჟესტზე კომენტარის გაკეთება იუვეს მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსაც მოუწია: "ის გაბრაზდა, რადგან გოლის გატანა ვერ მოახერხა. ნორმალურია, როცა მისი კალიბრის ფეხბურთელს ყოველთვის სურს თავის გამოჩენა. გაბრაზდა, როგორც ბევრი სხვა მოთამაშე აქამდე გაბრაზებულა, მაგრამ არა მგონია, რომ ამის გამო დავაჯარიმოთ".

იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი კი, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მისი თქმით, ეს არ იყო იმედგაცრუების ჟესტი, არამედ კრიშტიანომ მაისური საჩუქრად ბურთის მიმწოდებელ ბიჭს გადაუგდო, რომელმაც მანამდე მაისური სთხოვა და ოცნება აიხდინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში სერბეთთან მატჩის დასრულების შემდეგ კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და მიწაზე დააგდო. მაშინაც მან მოედანი უგოლოდ დატოვა, მაგრამ უფრო იმიტომ გაბრაზდა, რომ თამაშის მიწურულს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს. იუვემ კი ჯენოას დეიან კულუშევსკის, ალვარო მორატასა და ვესტონ მაკკენის გოლებით მოუგო.

📺 იუვენტუსი 3:1 ჯენოა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები