Thumbnail

'ხვიჩას თავბრუ დაახვიეს, ცოდოა ბიჭი' - რუბინის შეფი კვარაცხელიას ტრანსფერზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ყაზანის რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე მედიაში გავრცელებული ხმები შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსულ კლუბს 20 წლის ქართველზე წინადადება არ მიუღია.

"რუბინს წინადადება არ მიუღია, ყველაფერი ჭორია. რას ნიშნავს, რუბინმა ხვიჩა 15-20 მილიონ ევროდ შეაფასა? როგორ შევაფასებდით, თუ არავინ დაგვიკავშირდა? არც ატალანტა, არც ინტერი... სხვა საქმეა, როცა მოვა წინადადება ამ ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

ბიჭია ცოდო, თავბრუს ახვევენ ამ "ინფორმაციებით", შექმნეს აჟიოტაჟი და მას მშვიდად თამაშის საშუალებას არ აძლევენ. ეს ხმაური მასზე კარგად არ იმოქმედებს, ჩვენ პირველ რიგში, მასზე ვფიქრობთ".

ამ წუთებში ხვიჩას რუბინი როსტოვს სტუმრად ეთამაშება, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაშია. 

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, რომლის ანგარიშზე ეროვნული გუნდის 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ცნობილი პორტალი transfermarkt 10 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები