Thumbnail
  • პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე ევროპის რამდენიმე გრანდს სურს
  • პარიზული გუნდი ახალგაზრდა ფრანგის შენარჩუნებას ცდილობს

კილიან მბაპე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ფრანგი ძალიან კარგ ფორმაშია და მისი დამატება ევროპის რამდენიმე გრანდს სურს. ახალგაზრდა შემტევს მსურველები აქამდეც ბევრი ჰყავდა, თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაში კარგი თამაშის გამო,  მომავალ ზაფხულს ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იქნება.

უცხოურ პრესაში 22 წლის შემტევზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. ჭორებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ მბაპე, რომელსაც პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდება.

კილიანთან დაკავშირებით ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, მბაპე კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ცდილობენ, ის გუნდში დიდი ხნით დატოვონ.

"ჭორების გაკონტროლება შეუძლებელია და აშკარაა, რომ ის ყოველთვის იქნება. პსჟ მუშაობს იმაზე, რომ მბაპე პარიზში დიდხანს დარჩეს. კილიანი ამჟამად მშვიდად არის და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება", - განაცხადა პოჩეტინომ.

კილიან მბაპეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავი 20 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფრანგი კარგია ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 8 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს 3-ჯერ გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები