Thumbnail
  • იუვენტუსი პსჟ-ს მაურო იკარდის სანაცვლოდ პაულო დიბალას სთავაზობს
  • არგენტინელი ფორვარდების გაცვლა შესაძლოა ზაფხულში განხორციელდეს

იუვენტუსი ზაფხულში პარი სენ-ჟერმენის არგენტინელი თავდამსხმელის მაურო იკარდის გადაბირებას შეეცდება, რომლის დამატებაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როდესაც ეს უკანასკნელი იტალიაში გამოდიოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა პარიზელებს უკვე მიმართა წინადადებით, რომელიც არგენტინელი თავდამსხმელების გაცვლას ითვალისწინებს - პაულო დიბალა იკარდის სანაცვლოდ. წერენ, რომ იუვენტუსის წარმომადგენლები ასევე გეგმავენ შეხვედრას და ტრანსფერზე საუბარს ვანდა ნარასთან, რომელიც მაუროს ცოლი და აგენტია.

27 წლის პაულო დიბალას იუვენტუსთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ცოტა ხნის წინ ტურინელებმა არგენტინელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, სადაც ხელფასად 10 მილიონი ევრო იყო გათვალისწინებული, მაგრამ პაოლოს წარმომადგენელმა 15 მოითხოვა. ამის შემდეგ იუვემ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე საუბარი შეწყვიტა და როგორც ჩანს, ახლა უპირატესობას უკვე სხვა არგენტინელს ანიჭებს. 

მაურო და პაულო არგენტინის ნაკრებში თანაგუნდელები არიან

მაური იკარდი პარი სენ-ჟერმენში 2019 წელს, მილანის ინტერიდან გადავიდა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. 28 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. 

სერია A-ში გასული 29 ტურის შემდეგ, ტურინის იუვენტუსს 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ანდრეა პირლოს გუნდი მომდევნო მატჩს 11 აპრილს, შინ ჯენოასთან ჩაატარებს.

პარი სენ-ჟერმენს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 31 მატჩის შემდეგ 63 ქულა აქვს და ცხრილში მხოლოდ ლილს ჩამორჩება, რომელსაც 69 ქულა და თამაშით მეტი აქვს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად სტრასბურთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები