Thumbnail
  • ორლანდო მეჯიქი 106:111 ინდიანა პეისერსი
  • ბითაძე ინდიანას მოგებაში სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარა
  • პეისერსში აარონ ჰოლიდეი და დომანტას საბონისი გამოირჩნენ 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმარტა. ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, რომელმაც სტუმრად ორლანდო მეჯიქს აჯობა.

ინდიანას გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა, რომელმაც მოედანზე 15:19 წუთი გაატარა და გუნდს 5 ქულით, 7 მოხსნით (3 შეტევაში) და 2 დაფარებით დაეხმარა. გოგამ მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან 4-ჯერ შეუტია და ერთხელ შედეგიანად. პერიმეტრიდან მისი სამი მცდელობიდანაც ზუსტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. ბითაძის ანგარიშზე ასევე 4 ფოლი და ერთი დაკარგვაა.

რაც შეეხება შეხვედრას, სტუმრებმა თამაშის დასაწყისშივე შეძლეს ანგარიშში წინ გასვლა. ორლანდო იბრძოდა, მაგრამ მდევრის როლისთვის თავი დაღწევა მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხა და საბოლოოდ 5 ქულით დამარცხდა. 

20 წლის ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე ბურთი 3-ჯერ მოხსნა

მასპინძელთა რიგებში გამორჩეული ტერენს როსი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. ორლანდოს 14-14 ქულით მოჰამედ ბამბა და ჯეიმს ენისი დაეხმარნენ. 

რაც შეეხება ინდიანას, რომელსაც ამ მატჩში დომანტას საბონისი ორმაგი დუბლით დაუბრუნდა, გუნდს თვალსაჩინო უპირატესობა პერიმეტრიდან ჰქონდა, საიდანაც  33.3%-იანი სიზუსტით ისროდა. ამ მხრივ გამორჩეული კი აარონ ჰოლიდეი იყო, რომელმაც 10-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო და თამაში 20 ქულით დაასრულა - ყველაზე მეტი პეისერსში. აარონს სულ ერთი ქულით ჩამორჩა დაგ მაკდერმოტი, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი სწორედ ლიეტუველის ანგარიშზე იყო - 16 ქულა, 15 მოხსნა.

📺 ორლანდო V ინდიანა

ინდიანა პეისერსს 24 მოგება და 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-9 პოზიციაზე რჩება. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 12 აპრილს, სტუმრად მემფის გრიზლისთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები