Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორია დაწერა - ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა! საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი თამაში თბილისში საფრანგეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოუგეს.

მატჩის შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და გუნდის კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთეს. ორივემ ხაზი გაუსვა 9 აპრილის ფაქტორს და ასათიანმა გამარჯვებაც ამ დღეს მიუძღვნა.

ავთანდილ ასათიანი: "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ფეხბურთის ფედერაცია და მე ვმუშაობდით საფრანგეთთან მატჩის თარიღზე, რამდენიმე ვარიანტი იყო - 7, 8, 9 და 10 აპრილი. რა თქმა უნდა, პირადად მე ავირჩიე 9 აპრილი, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დღეა. ბრაზილიელებსაც ავუხსენით, რა დონის და როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დღე, ყველა ინფორმაცია გადავეცით და ეს ყველაფერი თამაშზე აისახა. ამ დღემ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და მინდა ეს გამარჯვება სწორედ იმას მივუძღვნა, რაზეც საქართველო ამდენი წელია ამ დღესთან დაკავშირებით საუბრობს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გულშემატკივარი იყო. განსაკუთრებით ბოლო წუთებში ვიგრძენი, რა როლი ითამაშა ქართველმა გულშემატკივარმა ამ თამაშზე. მადლობა სფფ-ს, რადგან მართლაც იმუშავეს და შედეგი სახეზეა. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ.

ძალიან რთულ ჯგუფში დავიკავეთ მეორე ადგილი. დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, 10 ქულას აიღებთო, ცოტა ნატვრასთან იქნებოდა ახლოს. თუმცა, ეს ნატვრა რეალობად ვაქციეთ. განსაკუთრებით ბოლო თამაშისთვის ვემზადებოდით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი ღამე გავათენეთ იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ყველა ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რას ვაპირებდით, როგორი სისტემით თამაშს. მიხარია, რომ ყველას შრომა კონკრეტულად ამ თამაშში გამოჩნდა".

ზვიად კუპატაძე: "ჩემთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა. მით უმეტეს, რუმინეთთან წაგების მერე (4 წლის წინ პლეი ოფში) მეორედ ასეთი მატჩის თამაში ძნელი იყო. ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ. 9 აპრილს პატარა ვიყავი, 8 წლის. 32 წლის შემდეგ ახლაც მახსოვს ეს დღე. ჩემს სამშობლოს მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ადამიანების გამო. ქართველებისთვის ფეხბურთი რელიგიაა, ყველაფერია და ამიტომ, ყველას გილოცავთ. არ შემიძლია ცრემლების შეკავება, რადგან ჩემთვის ეს თითქმის ბოლო შანსი იყო, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა კარიერის მიწურულს. სამწვრთნელო შტაბს, ბიჭებს, ფედერაციას ყველას დიდი მადლობა."


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 10 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილი გარანტირებული აქვს, ბოლო ტურში კი 12 აპრილს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ასათიანის გუნდმა საუკეთესო 6 მეორეადგილოსანში ადგილი ოფიციალურად დაიბევა და ორ ნაკრებს უკვე აჯობა (სერბეთი, უნგრეთი). ამგვარად, საქართველო ისტორიაში პირველად ითამაშებს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ნიდერლანდებში ჩატარდება.

💥 უკვე ოფიციალურად! 💥 🔗 ვრცლად: bit.ly/GEOvFRA

Posted by popsport on პარასკევი, 09 აპრილი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები