Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი ფანებთან ერთად! 8 ქალაქი თანახმაა, 4-ის პასუხს ელოდებიან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უეფას ოფიციალური განცხადება ევრო 2020-თან დაკავშირებით
  • ბილბაო, რომი, მიუნხენი და დუბლინი საფრთხის წინაშე არიან

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა - ევროპის ჩემპიონატი გულშემატკივრებთან ერთად ჩატარდება!

როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება საკუთარ ვებგვერდზე იტყობინება, მასპინძელი 12 ქალაქიდან რვამ უეფას უკვე დაუდასტურა, რომ ვაქცინაციის და უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობებში მზად არიან, სტადიონზე ქომაგები დაუშვან.

სანკტ-პეტერბურგმა და რუსეთმა დაადასტურეს, რომ სტადიონის ტევადობის 50%-ზე შემდგომი გაზრდის შესაძლებლობით ფანებს დასწრების უფლებას მისცემენ. აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქოც მზად არის, 50%-იანი კვოტა დაუშვას, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ჩასული გულშემატკივრები ვალდებულნი იქნებიან, საზღვარზე კორონავირუსის უარყოფითი ტესტები წარადგინონ. უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტიც მზად არის, სტადიონის კარი ფანებს გაუხსნას და უფრო მეტიც: ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც სტადიონის სრულ ტევადობაზე გულშემატკივართა დაშვებასაც კი არ გამორიცხავს!

ამსტერდამმა, ბუქარესტმა, კოპენჰაგენმა და გლაზგომ უეფას დაუდასტურეს 25-33%-იანი მოცულობა, ხოლო ამსტერდამი, ბუქარესტი და კოპენჰაგენი მზად არიან რაოდენობა კიდევ გაზარდონ, რაც დამოკიდებული იქნება კოვიდ-ეპიდემიის ზოგად ვითარებაზე.

უეფას ვებგვერდის ცნობით, ლონდონმა დაადასტურა მინიმალური ოდენობა, რაც 25%-ით განისაზღვრა ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზე და მერვედფინალზე. ამავდროულად, ლონდონში დაგეგმილია ნახევარფინალები და ფინალი ივლისის დასაწყისში და იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის მაყურებლებს უფრო მეტი რაოდენობით მისცემენ თამაშებზე დასწრების უფლებას.

ამ დროისთვის 4 ქალაქი რჩება, რომელთაც ჯერ უეფასთვის არ დაუდასტურებიათ გულშემატკივართა დასწრების საკითხი - რომი, მიუნხენი, ბილბაო და დუბლინი. უეფამ ოთხივე ქალაქს დრო 19 აპრილამდე მისცა და უახლოეს 10 დღეში მათგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. თუ გერმანია, იტალია, ესპანეთი და ირლანდია მინიმუმ გულშემატკივართა 25%-ის დასწრებას ვერ უზრუნველყოფენ, დიდი ალბათობით, მასპინძლობის უფლება ჩამოერთმევათ.

დუბლინში ჯერ გარანტიებს ვერ იძლევიან

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, იტალიის ხელისუფლებამ ქომაგების ევროპის ჩემპიონატზე დასწრებას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ საქმეში ჯანდაცვის უწყება ჩაერთო და გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო. ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და გახსნით მატჩში იტალია თურქეთს რომში უნდა დაუპირისპირდეს, თუ რა თქმა უნდა, რომს მასპინძლის სტატუსი არ ჩამოერთვა.

კომენტარები

ბოლო ამბები