Thumbnail
  • მაილს ტერნერის თამაში გამორიცხულია, დომანტას საბონისის - საეჭვო
  • თუკი მათ ვერ ითამაშეს, ქართველ ცენტრს დიდი დატვირთვა ელის

ინდიანა პეისერსის ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს კარგი შანსი აქვს გუნდის სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-2 მატჩი დაიწყოს. ამის მიზეზი ინდიანელთა წამყვანი “მაღლების” ტრავმიანობაა.

“პეისერსის ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი მონაწილეობას ვერ მიიღებს ორლანდოსთან მოახლოებულ მატჩში. მას ჯერაც აწუხებს მარცხენა კოჭის ტრავმა, რომელიც მან კვირის დასაწყისში მიიღო. საეჭვოა მოედანზე დომანტას საბონისის გასვლაც, რომელსაც მსგავსი დაზიანება აქვს. ლიტველმა უკვე 3 მატჩი გამოტოვა და მეჯიქთან ითამაშებს თუ არა, უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. ეს დამატებუთი შანსია გოგა ბითაძისთვის, რომელსაც ხსენებული მოთამაშეების არყოფნაში აშკარად ბევრი სამუშაო ექნება და დატვირთვაც გაეზრდება”, - წერს CBSsports.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში ინდიანამ მინესოტას 140:137 სძლია, ბითაძემ კი სასტარტო ხუთეულში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. გოგამ სეზონისთვის სარეკორდო 25 წუთში კარიერაში ყველაზე მეტი 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ინდიანა 23 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, ორლანდო მეჯიქთან კი, 10 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათიდან ითამაშებს.

📺 გოგა ბითაძე მინესოტასთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები