Thumbnail
  • საქართველო 3:2 საფრანგეთი
  • გოლები: 0:1 ნ’გალა (3), 1:1 თალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა

ესეც ასე: ისტორია დაწერილია! საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! ავთანდილ ასათიანის გუნდმა მთავარ თამაშში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრაც გაინაღდა.

შესარჩევი ციკლის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ საფრანგეთს ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას გულშემატკივრებიც დაესწრნენ და უმნიშვნელოვანეს მატჩში ნაკრებს მხარდაჭერა არ მოჰკლებია.

პირველი ტაიმი მეტწილად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიში კი ფრანგებმა სწრაფად გახსნეს. მე-3 წუთზე სტუმართა კონტრშეტევა ნ’გალამ დაუცველ კარში გოლით დაასრულა და საფრანგეთის ნაკრები დააწინაურდა. თუმცა, ავთანდილ ასათიანის გუნდის სასიკეთოდ ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვალა!

მე-6 წუთზე საქართველომ ანგარიშიც გაათანაბრა და წინაც გავიდა: ჯერ თალესმა ჯარიმა დაარტყა უნაკლოდ, მერე კი, 25 წამში რონინიომ ფრანგებს მეორეც გაუტანა. ამის შემდეგ უკეთ მეტოქე გამოიყურებოდა და რამდენიმე ეპიზოდში ზვიად კუპატაძემ საქართველოს ნაკრები გადაარჩინა, მაგრამ მე-13 წუთზე ბელჰაჯის დარტყმას ვერ გაუმკლავდა და ტაბლოზე თანაბარი ანგარიში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ტაიმიც თითქოს ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სირენამდე 6 წამით ადრე, ქართველმა ფეხბურთელებმა კუთხური იდეალურად გაითამაშეს და თალესმა დუბლი შეასრულა - 3:2.

მე-2 ტაიმი საფრანგეთმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მე-6 წუთზე სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. თავდაპირველად ბურთი ქართველმა ფეხბურთელმა ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა, მერე კი ერთ ეპიზოდში ორჯერ დაარტყეს და ორჯერვე ბურთი ძელს მოხვდა. საქართველომ მეტოქის სახიფათო იერიშებს მალევე უპასუხა და ორჯერ რონინიოს ცოტა დააკლდა გატანამდე, ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა და მეორეც ააცილა, ხოლო ბინიოს მეკარემ აჯობა. მთლიანობაში, მეორე ტაიმმა ბრძოლაში, მაგრამ გოლის გარეშე ჩაიარა და საქართველოს ნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა, რითაც ჯგუფში მე-2 პოზიცია გაინაღდა.

5 ტურის შემდეგ, რუსეთის ნაკრები 15 ქულით ლიდერია და უკვე განაღდებული აქვს პირველი ადგილი. მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები 10 ქულითაა, საფრანგეთს 2 ქულა აქვს, ხოლო სომხეთს - 1. ბოლო ტურში საქართველო 12 აპრილს, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა და შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ტური აბსოლუტურ ფორმალობად იქცა. საქართველო უკვე მოხვდა საუკეთესო 6 მეორეადგილოსანში, რადგან ერთ-ერთმა კონკურენტმა სერბეთმა შინ რუმინეთს ვერ მოუგო (4:4). საქართველოს ნაკრებმა უკვე ოფიციალურად გადაასწრო მეორეადგილოსნებში სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებებს და ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს კი, ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.

საქართველო 3:2 საფრანგეთი

გოლები: 0:1 ნ’გალა (3), 1:1 თალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)

საქართველო: კუპატაძე - რონინიო, თალესი, ბინიო, ელისანდრო, შაგინია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ბრუნო, ბუკია

საფრანგეთი: ჰარუნი, დურო - რამირესი, მოჰამედი, ნ’გალა, მუჰადინი, ბელჰაჯი, კებე, ტურე, ბა, ლუტინი, ზაკეჰი, ალა, ანდრადე

კომენტარები

ბოლო ამბები