Thumbnail

'მზად ვარ, მომდევნო ნაბიჯი გადავდგა' - ბეჟანიშვილი NBA-ს დრაფტზე დადგება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვაპირებ დრაფტზე გავიდე, რაც პროფესიონალ კალათბურთელობას ნიშნავს'
  • ილინოისის ქართველი ფორვარდის მოულოდნელი გადაწყვეტილება

22 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი აშშ-ს სტუდენტურ ლიგას (NCAA) ტოვებს და NBA-ს დრაფტზე დადგომას აპირებს. ამის შესახებ ქართველმა ლეგიონერმა სოციალურ ქსელში განაცხადა, სადაც უკვე ყოფილ კლუბ ილინოის ფაითინგ ილინის მადლობა გადაუხადა:

“კალათბურთიდან დაწყებული, ცეკვის გაკვეთილებით დასრულებული – პირველი დღიდანვე მოყოლებული, ქალაქ შამპეინთან მხოლოდ დიდი სიყვარული მაკავშირებს. მინდა, ილინოისს მთელი გულით მადლობა გადავუხადო. აქ გატარებული პერიოდი ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაპირებ 2021 წლის დრაფტზე დავდგე. მზად ვარ, მომდევნო ნაბიჯი გადავდგა, რაც პროფესიონალ კალათბურთელად გახდომას გულისხმობს. მადლობა ყველას, ვინც ამ გზის გავლაში მეხმარებოდა. აღფრთოვანებით ველი იმის ხილვას, რა იქნება მომავალში”.

შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილი სამი წლის განმავლობაში იცავდა ილინოისის ღირსებას, ის საშუალოდ 8.2 ქულას და 4.3 პასს აკეთებდა. პირველ ორ სეზონში გიორგი 57 მატჩში იყო სასტარტო ხუთეულში, ბოლო სეზონში კი – არც ერთში. ბოლო სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი ჰქონდა: 14.7 წუთი, 5.2 ქულა, 2.8 მოხსნა, 0.4 პასი.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მომავალ დრაფტზე დადგომას აპირებს სანდრო მამუკელაშვილიც, ამდენად, ვიღებთ პირველ შემთხვევას, როდესაც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოხვედრის შანსი ერთდროულად ორ ქართველ კალათბურთელს ექნება. ცხადია ისიც, რომ მიზნის მიღწევის გაცილებით უკეთესი შანსი სწორედ მამუკელაშვილს აქვს, რომელიც გასულ სეზონში სეტონ ჰოლისა და სრულიად კონფერენცია Big East-ის ვარსკვლავი გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები