Thumbnail
  • ნათია გადელიამ B ჯგუფში მე-3 შედეგი დააფიქსირა
  • დღეს ფიცარნაგზე ანტონ პლესნოისაც ვიხილავთ

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქმეში პირველი ქართველი ქალი ძალოსანი ვიხილეთ. 16 წლის ნათია გადელიამ ძალები 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოსინჯა და ხუთ მონაწილეს შორის მე-3 შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა ძალოსანმა 6-დან 5 ცდის გამოყენება მოახერხა. გადელია ატაცში უშეცდომოდ გაისარჯა და ერთმანეთის მიყოლებით გაუმკლავდა 85, 89 და 91 კგ-ს. ეს, ამ მოძრაობაში მე-3 შედეგი იყო. ნათიამ აკვრაში 105 და 111 კგ. დასძლია, 115-კილოგრამიანი შტანგა კი დაუვარდა და მე-2 მოძრაობაში მე-4 იყო. ჯამში, საქართველოს ნაკრების წევრმა 202 კგ. მოაგროვა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა უნგრელ ტიმეა შურომის, პირველი კი სლოვაკი ნიკოლა სენიკოვა (207 კგ.) იყო.

ნათია გადელია ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 85 კგ.✅, 89 კგ.✅, 91 კგ.✅

აკვრა - 105 კგ.✅, 111 კგ.✅, 115 კგ.❌

დღესვე ფიცარნაგზე 24 წლის ანტონ პლესნოის ვიხილავთ და მისგან გაცილებით მაღალ შედეგებს ველით. საქართველოს ნაკრების წევრს 2019 წელს როგორც – მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, მოსკოვურ ტურნირზე კი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლება. პლესნოის წონით კატეგორიაში (96 კგ.) შეჯიბრი 21:00 საათიდან არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 10 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.) გამოვლენ, ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.). ამ დროისთვის, ქართველ ძალოსნებს მოსკოვში 2 მედალი აქვთ მოპოვებული. ევროპის ვიცე-ჩემპიონები შოთა მიშველიძე (61 კგ.) და რევაზ დავითაძე (89 კგ.) გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები