Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურში დინამო ბათუმმა სტუმრად თელავი 2:1 დაამარცხა და ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, ალთუნაშვილისა და ჯიღაურის გოლებით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

თელავთან გამართულ მატჩზე კომენტარი ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ერთ-ერთი გოლის ავტორმა ჯაბა ჯიღაურმა გააკეთეს. მათი თქმით კახეთში თამაში ყოველთვის რთულია და 3 ქულით კმაყოფილები არიან.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი)
"თელავში გასვლაზე თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, ამ თამაშს მაყურებლების ესწრებოდნენ - თელავს აქ ყოველთვის ძალიან კარგად ქომაგობენ. ძალიან რთული თამაში გვქონდა. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა ავიღეთ - ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია."

თანაგუნდელები ჯიღაურს თელავის კარში გატანილ გოლს ულოცავენ

ჯაბა ჯიღაური (პირველი გოლის ავტორი)
"პირველ რიგში, ბიჭებს დღევანდელ გამარჯვებას მივულოცავ. თელავში, მით უმეტეს მათი გულშემატკივრების თვალწინ თამაში ყოველთვის ძალიან ძნელია. უნდა ვთქვა, რომ მინდორი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეხვედრა თანაბრად წარიმართა, თუმცა ვფიქრობ, გადამწყვეტი უპირატესობა ბათუმის დინამომ მოიპოვა. ორი ფრის შემდეგ ეს ჩვენთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნამდვილად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო."

გია გეგუჩაძის გუნდი 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ დინამო თბილისს 1 ქულით ჩამორჩება. თელავი 6 ქულით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში დინამო ბათუმი 12 აპრილს წყალტუბოს სამგურალს შეხვდება, თელაველები კი გორის დილას უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები