Thumbnail

დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია - ქართველ ძალოსანს ოქრომდე ცოტა დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 22 წლის რევაზ დავითაძემ მოსკოვურ ტურნირზე 6-დან 4 ცდა გამოიყენა
  • ქართველი ძალოსანი აკვრაში მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

22 წლის ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (89 კგ.) 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე შეჯიბრზე 6-დან 4 ცდა გამოიყენა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ისე გამოვიდა, რომ ქართველ ძალოსანს პირველობისთვის ბრძოლა ორ სომეხ სპორტსმენთან მოუწია. დავითაძემ ატაცში საწყისი 2 ცდა (166 და 171 კგ.) წარმატებით დაასრულა და მე-3 მისვლაც რომ გამოეყენებინა, მცირე ოქროს მედლის მფლობელი ხდებოდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია და მცირე ვერცხლს დასჯერდა.

სამაგიეროდ, ქართველმა ძალოსანმა მცირე ოქრო მოიპოვა აკვრაში, სადაც 198 და 203 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, 205 კგ. კი დაუვარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო მისვლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დავითაძე ევროპის ჩემპიონი ხდებოდა, ასე კი, ჯამური 374 კგ-ით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონობა სომეხმა კარენ ავაგიანმა იზეიმა 375 კგ-ით, ბრინჯაო კი მისივე თანაგუნდელმა ანდრანიკ კარაპეტიანმა (365 კგ.) დაისაკუთრა.

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 166 კგ.✅, 171 კგ.✅, 176 კგ.❌

აკვრა - 198 კგ.✅, 203 კგ.✅, 205 კგ.❌

შეგახსენებთ, რომ რევაზ დავითაძე უკვე საკმაოდ წარმატებული ძალოსანია. მას ევროპის ჩემპიონატი 2018 წელს აქვს მოგებული, 2019-ში კი, ბათუმში გამართულ ტურნირზე ვიცე-ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის (2018, 2019) ბრინჯაოს პრიზიორია.

მოსკოვში მიმდინარე ტურნირზე მომავალ დღეებში კიდევ არაერთ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ: 9 აპრილს – ნათია გადელიასა (81 კგ.) და ანტონ პლესნოის (96 კგ.), 10 აპრილს – ირაკლი ჩხეიძესა (102 კგ.) და ანასტასია გოტფრიდს (87 კგ.), ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძესა და ირაკლი თურმანიძეს (ორივე +109 კგ.).

📺 დავითაძე ევროპის ჩემპიონატზე

კომენტარები

ბოლო ამბები