Thumbnail
  • 'გაძეტა დელო სპორტმა' ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა
  • იტალიური სპორტული მედიის ლიდერმა მკითხველებს ქართველი გააცნო

საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრშია. 20 წლის შემტევ ნახევარმცველს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მაგრამ ბოლო დროს, ყველაზე აქტიურად მაინც მილანზე საუბრობენ.

როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულადაა, რადგან ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, როგორიც 'გაძეტა დელო სპორტია', ხვიჩას დღევანდელ საგაზეთო ნომერში სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის იდეა კვარაცხელიას იტალიელი გულშემატკივრებისთვის წარდგენაა - ‘ინსპირაცია, დრიბლინგი და გოლი: ვინ არის კვარაცხელია - ქართველი, რომელიც მილანს მოსწონს’ - ესაა იმ სტატიის სათაური, რომლის ავტორი გამოცემის ჟურნალისტი ფრანჩესკო პიეტრელა გახლავთ. 'პოპსპორტი' სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

მალდინის ბლოკნოტში

"სახელმძღვანელო კომენტატორებისთვის - კვარაცხელია (Kvaratskhelia) ასე გამოითქმის: “Cuarascelia” (ქართულად კვარაცხელია) ‘T’ არ გამოითქმის, დანარჩენი ადვილია. მაგრამ, ალბათ, უმჯობესია, კარგად შეისწავლოთ. ხვიჩა რუბინში თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში ესპანეთს გაუტანა და ნახევარი ევროპა მას დასდევს. მათ შორის მილანიც, რომელიც ყოველთვის ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს.

20 წლის ქართველის გვარი მალდინი-მასარას ტანდემის ბლოკნოტშია და ამ დღეებში აგენტის იტალიაში ჩამოსვლაა მოსალოდნელი. "ლა როხასთან" გოლმა და რუსეთში შესანიშნავმა სეზონმა დიდი გუნდები დაარწმუნა, რომ მას უკეთ უნდა დაკვირვებოდნენ. ეს ბიჭი ძლიერია და სტატისტიკა ამაზე მეტყველებს: 4 გოლი და 8 საგოლე პასი რუბინში, 8 თამაშში 3 გოლი საქართველოს ნაკრებში. მან საკუთარი თავი მსოფლიოს ესპანეთთან მატჩში წარუდგინა.

ვინ არის ხვიჩა

მოდით, უკეთ ჩავუღრმავდეთ: კვარაცხელია შემტევი გარემარბია, რომელიც 4-3-3 (უკეთესია) ან 4-2-3-1 სქემაში თამაშობს, ფეხით მემარჯვენეა და მარცხნივ ურჩევნია, მაგრამ ორივე ფლანგზე მარტივად შეუძლია თამაში. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი და პლუსი დრიბლინგია. მისთვის მეტოქის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკა და ძალიან მარტივია, რაც თვითონაც არაერთხელ თქვა. საკმარისია, გადახვიდეთ მის ინსტაგრამის გვერდზე და ყველაფერში დარწმუნდებით. პირველი პოსტი 2017 წლის 9 სექტემბრით თარიღდება და რუსეთის ნაკრებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისურით საოცარი გოლი გაუტანა. 20 დღის შემდეგ დინამო თბილისის რიგებში საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა - 16 წლისა და 7 თვის ასაკში. ნოემბერში მან ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ის ამომავალი ვარსკვლავია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

მამა, ბადრი, ასევე ფეხბურთელი იყო, თამაშობდა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომლის ეროვნულ გუნდშიც ითამაშა (3 მატჩი აქვს ჩატარებული). 2005 წელს კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო, მაგრამ მისი შვილი არასდროს ყოფილა მისი ფეხბურთელი. ის შორიდან თვალს ადევნებს და არასდროს ერევა მის გადაწყვეტილებებში, მხოლოდ იმ ნიჭს აქებს, რომელიც ბიჭს აქვს. 2 წლის წინ მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი ძალიან გაბრაზდა და გაკვირივებული იყო, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ის გუნდიდან გაუშვა. ხვიჩას კლუბთან სრული უთანხმოება ამის გამო მოუვიდა: "ის ნიჭიერი ბიჭია, ვფიქრობდი, რომ კონტრაქტს ჩვენთან გააფორმებდა. როდესაც წავიდა, ლამის ვიტირე". 

თუმცა რუბინი უფრო მოხერხებული აღმოჩნდა და ის ყაზანში წაიყვანეს. როგორც ჩანს, ისინი კვარაცხელიას 20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ გაყიდიან, გასულ წელს გალათასარაი დაახლოებით 15 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო.

ტალანტი კავკასიიდან

კვარაცხელია დინამო თბილისის აღზრდილია - როგორც კახა კალაძე, მილანის ყოფილი ცენტრალური მცველი და ამჟამად თბილისის მერი. ხვიჩა შეიძლება გახდეს მეორე ქართველი, რომელიც "როსონერიში" ითამაშებს. მეოთხე ქართველი სერია A-ში ლევან მჭედლიძისა (ემპოლი, პალერმო) და გიორგი ჭანტურიას შემდეგ (ვერონა), რომელსაც "ახალი მესის" უწოდებდნენ, მაგრამ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა. ის ვერონაში 2014 წელს გამოჩნდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია. იტალიაში სხვა ქართველებიც იყვნენ: ირაკლი შეყილძე (ემპოლი, ტუტოკუიო) და გიორგი ნემსაძე (რეჯანა).

კვარაცხელიას რუბინში ლეონიდ სლუცკი წვრთნის - რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. შარშან ის რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ისევე როგორც საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშე", - ასე მთავრდება იტალიური სპორტული პრესის ლიდერის სტატია.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერ-ლიგაში მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) აქვს. 2021 წელს ეროვნული ნაკრების 3 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 თამაშში 3 გოლი გაიტანა, თითოჯერ კი საგოლე პასი მიითვალა და პენალტი მოიპოვა.

📺 | ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან

კომენტარები

ბოლო ამბები