Thumbnail
  • გიორგი ლორია ბერძნულ მედიას ესაუბრა
  • ნაკრების მეკარემ კვარაცხელიასა და ნინუაზეც ილაპარაკა

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორიამ სალონიკის რადიოს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან მიმდინარე სეზონზე და კლუბზე ისაუბრა. თუმცა, უფრო საინტერესო სხვა საკითხები იყო - მაგალითად, პაოკ-ში ჩაშლილი ტრანსფერი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ნაკრები და ნიკა ნინუა.

ლორიამ გაიხსენა, რომ წლების წინ სალონიკის პაოკ-ში მისი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება არ შედგა: "სალონიკიში ვიყავი, ვისაუბრეთ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ძალიან მინდოდა პაოკ-ში მეთამაშა. თუ სწორად მახსოვს, 2014 ან 2015 წელი იყო: როდესაც ოფი დავტოვე, სალონიკიში მოლაპარაკებებზე წავედი. ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევთანხმდით. არ მახსოვს, ვის ვესაუბრე - ტექნიკური დირექტორი იყო, ან პრეზიდენტი, არ მინდა სახელები არასწორად ვთქვა", - განაცხადა გიორგიმ.

ლორიამ საბერძნეთის ნაკრებთან მატჩზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველომ, ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან კარგად ითამაშა: "ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ყველა ესპანეთის, შვედეთისა და საბერძნეთის ნაკრებებზე საუბრობდა. არავინ ფიქრობდა, რომ ასე კარგად ვითამაშებდით. ესპანეთთან და შვედეთთან მხოლოდ თავს არ ვიცავდით, ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით. საბერძნეთის ნაკრებთანაც იგივე გავაკეთეთ", - აღნიშნა მან.

გიორგი ლორია საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში

საბერძნეთთან მატჩის მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია იყო. 20 წლის ტალანტმა შთაბეჭდილება ბერძენ ჟურნალისტებზეც მოახდინა და გიორგის მის შესახებ აზრის დაფიქსირება ცალკე სთხოვეს: "მას წარმოუდგენელი თვისებები აქვს. ფანტასტიკური მოთამაშეა და სწორედ ამიტომ არის დიდი გუნდების ყურადღების ობიექტი. ის მალე დიდ გუნდში წავა და დიდ კარიერას გაიკეთებს", - დარწმუნებულია ლორია.

ბოლოს სალონიკური რადიო ნიკა ნინუას თემასაც შეეხო, რომელსაც პაოკ-ში რთული სეზონი აქვს და სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა: "მაღალი დონის ფეხბურთელია, ჯარიმებს პენალტებივით ასრულებს. მჯერა, რომ თავის სათამაშო დროს მიიღებს. მას ადაპტაცია სჭირდება და წარმატებებს ვუსურვებ", - დასძინა ლორიამ.

გიორგი ლორია ფამაგუსტას ანორთოსისში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. გამოცდილ კიპერს მანამდე გერმანულ მაგდებურგში, რუსულ კრილია სოვეტოვში, ანჟიში, ოლიმპიაკოსში, ოფი-სა და დინამო თბილისში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში გიორგის 64 მატჩი აქვს ჩატარებული.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • ფრე
  • საფრანგეთი

 

კომენტარები

ბოლო ამბები