Thumbnail

მიუნხენის "ალიანც არენაზე" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ტურნირის შარშანდელი ფინალისტები - ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან და ძალიან სახანაობრივ მატჩში პარიზელებმა შეძლეს შარშან წაგებული ფინალისთვის რევანშის აღება, მაგრამ ამ ორრაუნდიანი დუელის ბედი საბოლოოდ, ყველა შემთხვევაში, საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

"ალიანც არენაზე", სადაც თამაში თოვლის ფიფქების ფონზე წარიმართა, ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მთავარი ბომბარდირის, რობერტ ლევანდოვსკის გარეშე მოთამაშე ბაიერნმა პირველ წუთებში ორი მომენტი კი შექმნა, მაგრამ გოლი მაინც პარიზელებმა გაიტანეს. სტუმართა იერიში ნეიმარმა გააგრძელა, რომელმაც ბურთი კარგ პოზიციაში მყოფ კილიან მბაპეს გადააწოდა. ახლო მანძილიდან პსჟ-ის ფორვარდის დარტყმა არ იყო უნაკლო, თუმცა იმდენად ძლიერი გამოდგა, მანუელ ნოეირმა ბურთის მოგირიება ვერ შეძლო და ის ფეხებშორის გაუძვრა - 0:1.

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში ამდენივე გოლი შეაგდო

თამაში საინტერესოდ წარიმართა, ბაიერნი მეტოქეზე ზეწოლას სულ უფრო აძლიერებდა, რის შედეგადაც თამაშში ჩართვა უწევდა კეილორ ნავასსაც. მე-19 წუთზე ლეონ გორეტკცას ცოტა რომ გამართლებოდა, ახლო მანძილიდან მისი თავურის შემდეგ ანგარიში გათანაბრდებოდა, თუმცა კოსტარიკელთა მეკარემ მოგერიება მოახერხა.

ისე გამოვიდა, რომ მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ გოლებს სტუმრები იტანდნენ. პსჟ-ის მეორე გოლიც ნეიმარმა შექმნა, რომელმაც ბრწყინვალე პასით ნოერის პირისპირ მარკინიოსი გაიყვანა - 0:2.

ჰანსი ფლიკის გუნდი გონზე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა მოიყვანა, რომელმაც ბენჟამენ პავარის მაღალი ჩაწოდების შემდეგ, ნავასს თავით გაუტანა. კამერუნელის გოლი ყოფილი კლუბის კარში დროული და ლოგიკური იყო - 1:2. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბაიერნის უპირატესობა ტოტალური იყო.

ბაიერნი ჩუპო-მოტინგისა და მიულერის გოლებმა მარცხისგან ვერ იხსნა 

შესვენების შემდეგ თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა და აკშარა იყო, ჰანსი ფლიკის გუნდის უპირატესობა გატანილ გოლში ადრე თუ გვიან კიდევ აისახებოდა. და ეს მე-60 წუთზე მოხდა კიდეც, როდესაც საჯარიმოდან იოზუა კიმიხის ჩაწოდებას თომას მიულერის ზუსტი თავური მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც პარიზელი მცველები სტატისტის როლში იყვნენ.

მაგრამ პსჟ-ს ჰყავს კილიან მბაპე, რომელსაც თავისი გუნდის კონტრშეტევის იდეალურად დასრულება შეუძლია. ანხელ დი მარიას პასის შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილ 22 წლის თავდამსხმელს დუბლის შესრულებაში ხელი ვერც ბოატენგმა შეუშალა და ვერც ნოიერმა - 2:3.

ბაიერნმა საკუთარ მოედანზე 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო

ბაიერნი მარცხს არ იმსახურებდა - მასპინძლებს გატანის და ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ არც დრაქსლერის, არც ალაბას და არც მიულერის დარტყმებს შედეგი აღარ მოჰყოლია.  

ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის საპასუხო დაპირისპირება საფრანგეთის დედაქალაქში 13 აპრილს გაიმართება.

ბაიერნი 2:3 პარი სენ-ჟერმენი

გოლები: 0:1 მბაპე (3’), 0:2 მარკინიოსი (28’), 1:2 ჩუპო-მოტინგი (37’), 2:2 მიულერი (60'), 2:3 მბაპე (68')

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე (42’  ბოატენგი), ალაბა, ერნანდესი - გორეტცკა (33’ დევისი), კიმიხი - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო-მოტინგი.

პსჟ (4-2-3-1): ნავასი - დაგბა, მარკინიოსი (30’ ერერა), კიმპემპე, დიალო - დანილო (46' ბაკერი), გეიე - დი მარია (71' კინი), ნეიმარი (90' რაფინია), დრაქსლერი - მბაპე.

კომენტარები

ბოლო ამბები