Thumbnail

რიბერიმ გადაწყვიტა! ფრანგის ბავარიული ერა გრძელდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნმა ფრანკ რიბერისთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა
  • 35 წლის ფრანგი ნახევარმცველი მიუნხენში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს

2008 წელი იყო, ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნში სულ რაღაც ერთი წლის გადასული გახლდათ. ფრანგი გარემარბი უბრალოდ დაფრინავდა! სწორედ მაშინ მიიღო ბავარიულმა გრანდმა ისეთი შეთავაზება, რომლის მსგავსზეც იმ დროს უარს იშვიათად ამბობდნენ: ლონდონის ჩელსი მზად იყო, რიბერის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაეხადა და პლუს ბაიერნში მცველი ჟოზე ბოსინგვაც გაეშვა. ბავარიელებმა ასეთ ზღაპრულ წინადადებაზე უარი თქვეს და, როგორც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ უნანიათ…

მას მერე 10 წელი გავიდა და რიბერი არა მარტო “ალიანც არენას” პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, ბაიერნის ლეგენდაც გახდა. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს რეკორდმაისტერმა რიბერი მარსელის ოლიმპიკიდან 25 მილიონ ევროდ იყიდა.

"ფრანკ რიბერი ჩემთვის პროფესიონალიზმის საუკეთესო მაგალითია!" - იუპ ჰაინკესი

ორშაბათს საბოლოოდ და ოფიციალურად დადასტურდა, რომ 35 წლის რიბერი ბაიერნში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. მართალია, ბავარიელემა ფრანგს კონტრაქტი ამჯერად ძალიან გვიან გაუხანგრძლივეს, მაგრამ მთავარია, რომ ეს მოხდა - რიბერი რეკორდმაისტერში რჩება!

“ფრანკ რიბერი ჩემთვის პროფესიონალიზმის საუკეთესო მაგალითია. ის ყოველთვის უდიდესი მონდომებით ვარჯიშობს და თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 35 წლისაა, დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა,” - ეს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია.

კონტრაქტის გაგრძელება მთლად გეგმის მიხედვით არ მომხდარა. ორშაბათს დილით, რიბერიმ ინსტაგრამზე განათავსა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს კონტრაქტს. ისე გამოვიდა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროვება ფრანგმა ყველას დაასწრო - თვით ბაიერნსაც კი. მოგვიანებით, რიბერიმ ინსტაგრამიდან ეს ფოტო წაშალა, თუმცა უკვე ყველამ იცოდა, რომ მიუნხენში კიდევ ერთი წლით რჩება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბში კიდევ ერთ სეზონს გავატარებ. დიდი ხანია, რაც მიუნხენი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მშობლიური ქალაქი გახდა. ვამაყობ, რომ ბაიერნის ფეხბურთელი ვარ,” - ნათქვამია რიბერის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ბაიერნმა გაავრცელა.

ფრანკ რიბერი რეკორდმაისტერთან ერთად, ახლახან, მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. ეს მისი ერთ-ერთი რეკორდია. ბუნდესლიგაში არავის გაუკეთებია მასზე მეტი საგოლე პასი (117); ბაიერნის მაისურით არცერთ სხვა უცხოელს არ ჩაუტარებია მასზე მეტი შეხვედრა ევროთასებზე (94) და ზოგადად ოფიციალური მატჩი (385 თამაში, 117 გოლი და 177 პასი).

რიბერის ბაიერნთან ერთად უკვე 20 ტიტული აქვს მოგებული და ამ სეზონშივე შეუძლია 21-ეს მოგებაც (გერმანიის თასი). პლუს, მომავალ სეზონშიც მიუნხენში ითამაშებს...

P.S. რაც შეეხება არიენ რობენს, რომელსაც კონტრაქტი ასევე სეზონის ბოლოს უმთავრდება - შეთავაზება ჰოლანდიელსაც მიღებული აქვს და ჯერ ფიქრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები