Thumbnail

ბასილაშვილმა 5 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და სამსაათიანი მატჩი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 4:6, 6:4, 7:5 კოვალიკი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მოწოდება 8-ჯერ დათმო, თუმცა, მაინც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) პირველ წრეში სლოვაკ იოზეფ კოვალიკთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და 4:6, 6:4, 7:5 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ნიკამ მსოფლიოს 128-ე ჩოგანთან მოწოდება 8-ჯერ (!) დათმო, 5 მატჩ-პოინტი (!) გადაარჩინა, თუმცა, ბოლოს უფრო მაღალი კლასის ხარჯზე მაინც აჯობა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა თავისი მოწოდება მხოლოდ ერთხელ მოიგო და გასაკვირი არ ყოფილა, რომ წარმატებას მეტოქემ მიაღწია. მე-2 სეტი მოვლენებით კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა. ქართველი ჩოგბურთელი 2 ბრეიკის წყალობით 4:1 დაწინაურდა, კოვალიკმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თუმცა, სეტის ბოლოს ნიკა ისევ უკეთ გამოიყურებოდა და 6:4 მოიგო. მე-3 სეტი საერთოდაც დრამატული აღმოჩნდა. სლოვაკი ჩოგბურთელი ბრეიკით დაწინაურდა, ნიკოლოზმა ანგარიში გაათანაბრა, 4:5-ზე კი, 5 მატჩ-ბოლი მოიგერია და საბოლოოდ, წარმატებას მიაღწია.

თამაშში, რომელიც ზუსტად სამ საათს გაგრძელდა, ქარიან ამინდში წარიმართა და თიხნარის კორტზე, ეს, ჩოგბურთელებს ხელს ძალიან უშლიდა. ნიკას ეისი არ მოუწოდებია და 7 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა (კოვალიკს 5 და 5), პირველ მოწოდებაზე გათამაშებების მხოლოდ 56% მოიგო, მეორეზე კი – 40%. ბასილაშვილმა 16-დან 9 ბრეიკ-პოინტი (ყოველ სეტში 3-3) გამოიყენა, თავად კი მოწოდება 8-ჯერ (ასევე 16 შესაძლებლიდან) დათმო.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი (41-ე მსოფლიო რეიტინგში) იქნება. 29 წლის ბასილაშვილი 30 წლის შტრუფს კარიერის განმავლობაში 5-ჯერ შეხვედრია და მინიმალური უპირატესობა მეტოქის მხარესაა. 2013 წელს ბერგამოს ტურნირზე გერმანელი 6:1, 2:0-ს იგებდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. 2016 წელს, გერმანულ ჰეილბრონში ნიკამ რევანშის აღება შესძლო – 6:4, 7:6 (7:3). 2019-ში, კანადურ მასტერსზე ისევ ბასილაშვილმა იმარჯვა (2:6, 6:2, 6:3), შარშან კი, იან-ლენარდმა 2 იოლი მოგება მიითვალა: დუბაიში – 6:1, 6:0 და პარიზში – 6:4, 6:2. ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელების დაპირისპირება პარასკევს, 9 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები