Thumbnail
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ არჩევანი თურქეთზე შეაჩერა
  • მომავალი ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს ჩატარდება

მომავალ ევრობასკეტზე, რომლის მასპინძელთა შორის თბილისიც არის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება. ამ ინფორმაციას ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატები 4-4 ქვეყანაში ტარდება, თითოეულ მასპინძელს კი 1 ნაკრების არჩევის უფლება აქვს, რომელიც მის ჯგუფში ითამაშებს. ამ ნაბიჯის გადადგმის დროს, ქვეყნები ძირითადად ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობენ, რაც გულშემატკივრების ჩასვლასთან, ბილეთების რეალიზაციასთან და სხვა მსგავს ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატის სხვა მასპინძლებს – ჩეხეთსა და გერმანიას პარტნიორებად, შესაბამისად, პოლონეთი და ლიეტუვა ჰქონდათ არჩეული, დღეს კი გაცხადდა, რომ საქართველომ არჩევანი თურქეთზე გააკეთა, ხოლო იტალიამ – ესტონეთზე. აღნიშნულის თაობაზე კომენტარი საქართველოსა და თურქეთის კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

🇮🇹 Italy 🤝 Estonia 🇪🇪 🇬🇪 Georgia 🤝 Turkey 🇹🇷 The partner federations for #EuroBasket 2022 hosts have been confirmed!

Posted by FIBA EuroBasket on Wednesday, April 7, 2021

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში, დიდი მიღწევები აქვს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მათი ეროვნული ნაკრების თბილისში მასპინძლობის საშუალება გვექნება. გარდა იმისა, რომ თურქეთს ძლიერი კალათბურთელები არ აკლია და შედეგებიც კარგი აქვს, მას გამორჩეული ქომაგებიც ჰყავს, რომლებიც ჩვენს ახლადაშენებულ დარბაზს აუცილებლად დაამშვენებენ. სათქმელია, რომ საქართველოში დიდი თურქული დიასპორაა და იქიდან ბიზნესის საწარმოებლადაც ბევრი ჩამოდის, ამდენად, მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ტრიბუნებზე ბევრ გულშემატკივარს ვიხილავთ”.

ემინ ბალჩი (თურქეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი): “საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით კმაყოფილები ვართ. ისინი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლები და ჩვენი კარგი მეგობრები არიან. გვჯერა, რომ იქ ჩვენი ქომაგებისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება. იმედი გვაქვს, რომ თბილისში დაგეგმილ ჯგუფურ ეტაპზე კარგ შედეგებს დავაფიქსირებთ”.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მივიღეთ სიტუაცია, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის წილისყრამდე, საქართველოს ნაკრების უკვე 2 მეტოქის ვინაობა ვიცით. აღნიშნულის მიზეზზე აქამდეც გვითქვამს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და ჩეხეთი ასევე ევრობასკეტის თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვამ გერმანიაში თამაში არჩია, გამოდის, რომ მე-2 კალათიდან საქართველოს ნაკრებს მეტოქედ რუსეთი ერგება, რაც ძალიან საინტერესო დაპირისპირებას მოასწავებს. აქვე კალათებს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლოთ.

პირველი კალათა: ესპანეთი (ევროპაში მე-2), სერბეთი (5), საბერძნეთი (6), საფრანგეთი (7).
მეორე კალათა: ლიეტუვა (8), რუსეთი (9), იტალია (10), ჩეხეთი (12).
მესამე კალათა: პოლონეთი (13), ხორვატია (14), თურქეთი (15), სლოვენია (16).
მეოთხე კალათა: გერმანია (17), უკრაინა (18), ფინეთი (32), საქართველო (36).
მეხუთე კალათა: ბელგია (37), უნგრეთი (38), ისრაელი (39), დიდი ბრიტანეთი (41).
მეექვსე კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა (43), ნიდერლანდები (44), ესტონეთი (47), ბულგარეთი (49).

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, 4-4 საუკეთესო კი პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები