Thumbnail

ვაკო ყაზაიშვილის სუპერმატჩი კორეაში - გოლი და საგოლე პასი სეულთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ულსანი 3:2 სეული
  • ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი პირველად გამოჩნდა სამხრეთკორეული ულსან ჰიუნდაის სასტარტო შემადგენლობაში და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

ვაკოს გოლი ჩინებულ რეიდს მოჰყვა

ულსანელები დღეს სეულს დაუხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდნენ, 3:2 იმარჯვეს. ჩამორჩენის აღმოფხვრას სათავე სწორედ ყაზაიშვილმა დაუდო. თავდაპირველად ის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და კარის წინ კიმ მინ-ჯუნი მოსძებნა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

აი, 76-ე წუთზე კი ვაკომ მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. მან ბურთი ცენტრში მიიღო, მეტოქის საჯარიმომდე იარა, იქ ორ მეტოქეს გასცდა და სტუმართა გოლკიპერს აუღებელი დაურტყა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და ულსანმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, მის გუნდს კი 8 ტურის თავზე 17 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ჯეონბუკ მოტორსს (20 ქულა) ჩამორჩება. ულსან ჰიუნდაი მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, სტუმრად, აუტსაიდერ სუვონთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი საფეხბურთო კლუბ საბურთალოს აღზრდილია, სამშობლოში კი რუსთავის ოლიმპში გამოდიოდა, საიდანაც არნემის ვიტესში აღმოჩნდა. ნიდერლანდურ კლუბში ვაკო 2011-17 წლებში თამაშობდა და იმ პერიოდში იჯარით ვარშავის ლეგიაშიც იყო განათხოვრებული. 2017 წელს ყაზაიშვილი ევროპიდან ამერიკაში, MLS-ში გადაბარგდა, სადაც ბოლო დრომდე სან ხოსეს ღირსებას იცავდა - გურამ კაშიასთან ერთად. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ვაკო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა. ვაკო საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. შემტევ ნახევარმცველის ანგარიშზე 53 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე პასია.

📺 ვაკო ყაზაიშვილი სეულთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები