Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მანჩესტერ სიტისა და დორტმუნდის ბორუსიას მატჩი მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, მისი დასრულების მერე კი მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა, რაც განსახილველ თემად იქცა.

თამაშის მერე ფეხბურთელები გასახდელებისკენ მიემართებოდნენ, როდესაც დორტმუნდელთა ვარსკვლავ ერლინგ ჰაალანდს რუმინელი გვერდითი მსაჯი ოქტავიან შოვრე დაეწია და ავტოგრაფი სთხოვა. ნორვეგიელ ფეხბურთელს უარი არ უთქვამს, თუმცა, არბიტრისთვის სამწუხაროდ, ეს მომენტი ტელეტრანსლაციაში მოხვდა და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

საკმაოდ კატეგორიული იყო მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივსი: “როგორც ნებისმიერ ადამიანს, მასაც შეუძლია იყოს რომელიმე გუნდის ქომაგი, მაგრამ ასეთ მომენტში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს არასწორია”.

მას დაეთანხმა ინგლისური კლუბის კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე ჯოლეონ ლესკოტი: “ასეთი რამეებისთვის შესაფერისი დრო არასდროს არაა. ვფიქრობ, ამ არბიტრს კარგი არაფერი ელის. მისი საქციელი ზედმეტად ბავშვური იყო”.

გაცილებით მიმტევებელი იყო მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა: “ამ ამბის შესახებ მომიყვნენ, თავად არ მინახავს. შეიძლება, ის ჰაალანდის ქომაგია, რატომაც არა? ან ავტოგრაფი შვილისთვის უნდოდა. ასეთი რამ არასდროს მინახავს, თუმცა, მთავარია, რომ მსაჯებმა კარგად იმუშავეს. მეტიც, ვიტყოდი, რომ ისინი უშეცდომოდ გაისარჯნენ და თამაშში ზედმეტი პრობლემები არ ყოფილა”.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში გამართული მატჩი სიტიმ 2:1 მოიგო. შეხვედრაში ანგარიში კევინ დე ბრუინმა გახსნა, თამაშის ბოლოსკენ ჯერ მარკო როისმა გაათანაბრა ანგარიში, საბოლოო შედეგი კი ფილ ფოდენმა დააფიქსირა. განმეორებით მატჩს დორტმუნდი 14 აპრილს უმასპინძლებს.

📺 მანჩესტერ სიტი v დორტმუნდი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები