Thumbnail

ესპანური ლიგა ენდესას ოფიციალური ვებ-გვერდი მიმდინარე სეზონში ლენოვო ტენერიფეს ჩინებულ თამაშს გამოეხმაურა და განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის დამაჯერებელი თამაში, რომელიც სეზონის MVP-ს ტიტულისთვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებს ესანეთის ჩემპიონატში 26 მატჩიდან 21 აქვთ მოგებული და ამ დროისთვის მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან. აი, რას წერს ACB.com:

“ლენოვო ტენერიფე ლიგა ენდესაში ყოველი 5 მატჩიდან ოთხს იგებს. რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ასეთი სტატისტიკის მქონე გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატადად? ჩუს ვიდორეტას ბიჭებს აქტივში 21 გამარჯვება აქვთ და ეს გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტენერიფე საშუალოდ 88.35 ქულას აგდებს და ამით პირველ ადგილზეა, შესაბამისად, რეალსა და ბარსელონასაც უსწრებს.

ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაში უკვე გაინაღდა, არადა, კიდევ 10 მატჩი აქვს ჩასატარებელი. ახლა, მთავარი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იქნება, რაც მათ გადამწყვეტ მატჩებში მოედნის უპირატესობას დაუბევებს. სათქმელია, რომ ტენერიფეს ლიგა ენდესას ნახევარფინალში არასდროს უთამაშია, ასე რომ, გუნდი კიდევ ერთ ისტორიულ მიჯნასთან ახლოს იმყოფება.

ცხადია, ამ წარმატებას თავისი გმირები ჰყავს, რომელთა შორის უმთავრესი გიორგი შერმადინია. მას საოცარი სეზონი აქვს და ამჟამინდელი მდგომარეობით, რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მოპოვების დიდი შანსი აქვს. ქართველი კალათბურთელი პირველია სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტის (23.4) მიხედვით, ორქულიან სროლებსა (6.1) და საჯარიმოებში (5.2), მეორეა საშუალო შედეგიანობის (17.3) მხრივ, მე-3 – მასზე დაფიქსირებული ჯარიმების (5.3) მაჩვენებლით, მე-4 – შეტევაში მოხსნებით (2.5) და მე-5 – +/- მაჩვენებელში (+8.2)”.

შეგახსენებთ, რომ ლენოვო ტენერიფეს ლიგა ენდესაში მორიგ მატჩს 8 აპრილს თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსთან ჩაატარებს, რომელსაც სხვათა შორის გუშინ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 89:60 მოუგო და მაისში საუკეთესო 8 გუნდს შორის თამაშის უფლება მოიპოვა. აღნიშნულ მატჩში ქართველი ლეგიონერის მონაგარი 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები