Thumbnail

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, გოლდენ სტეიტმა, როგორც იქნა, მოიგო და ეს, რა თქმა უნდა, სტეფ კარის დამსახურებაა! მართალია, ბაქსს იანის ანტეტოკუნმპოს სახით მთავარი ლიდერი აკლდა, მაგრამ უორიორსის ეს გამარჯვება მაინც ძალიან შთამბეჭდავია. კარიმ არა მარტო 41 ქულა დააგროვა (14/21, 5/10 სამქულიანი), არამედ მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდურად დომინირებდა და თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა.

ჯრუ ჰოლიდეის (29 ქულა) სამქულიანის შემდეგ, მილუოკი მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით იგებდა, როცა გოლდენ სტეიტმა 14:1 “გაქცევა” მოახერხა. აქ კარიმ ორი “ჯამპერი” ჩააგდო და შესანიშნავი იყო კელი უბრეც (19 ქულა, 4/8 სამიანი). საფინალო სირენამდე 29,1 წამით ადრე ისევ ჰოლიდეი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ანგარიში მილუოკის სასარგებლოდ 121:120 გახადა. ენდრიუ უიგინსმა (9 ქულა, 1/8 სამიანი) და უბრემ მოხსნითა და საჯარიმოებით უორიორსს მაინც მოაგებინეს. კრის მიდლტონის (28 ქულა, 7 პასი) კონტრშეტევა კი უშედეგო იყო.

გოლდენ სტეიტს 51 მატჩის შემდეგ 24 მოგება და 27 მარცხი აქვს. სტეფ კარის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. მილუოკი 32 გამარჯვებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთში მესამეა. იანისის გუნდი ფილადელფიას და ბრუკლინს (ორივეს 35-16) 3 მოგებით ჩამორჩება. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები