Thumbnail

'ნახევარფინალისთვის არაფერი გაგვიკეთებია' - კლოპი რეალთან მარცხზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდის რეალმა ლივერპული 3:1 დაამარცხა და საპასუხო თამაშის წინ კარგი უპირატესობა მოიპოვა. ინგლისურმა გუნდმა ცუდი თამაში აჩვენა და იურგენ კლოპიც უკმაყოფილო დარჩა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ნახევარფინალში თამაშს დამსახურება უნდა და მის გუნდს საამისოდ მადრიდულ მატჩში აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია:

"ნახევარფინალში თამაში თუ გინდა, ამის უფლება უნდა დაიმსახურო. ამ საღამოს ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ასე რომ, ერთადერთი კარგი, რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა ამ თამაშზე, გარდა გატანილი გოლისა, ის არის, რომ ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო.

მეორე გოლი? მსგავსი შეცდომები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე კმაყოფილი არ ვარ იმ ფეხბურთით, რომელიც ვითამაშეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთი გვქონდა. ასეთ დროს უფრო მეტი უნდა შექმნა, უკეთ უნდა ითამაშო. შეუძლებელია რეალთან თავი დაიცვა მაშინ, თუ ბურთს არასწორ მომენტში დაკარგავ. დღეს ბევრი არაფერი დაგვიმსახურებია, თუმცა მეორე ტაიმში გატანილი გოლი ჩვენთვის ძალიან კარგია და როგორც მინიმუმ შანსს გვიტოვებს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი "ენფილდ როუდზე" 14 აპრილს გაიმართება. საინტერესოა, რომ ლივერპულმა რეალთან ბოლო ოთხი თამაში წააგო და ამაზე ცუდი სერია მხოლოდ ლისაბონის ბენფიკასთან აქვს (4 წაგება ამ შემთხვევაშიც). გარდა ამისა, ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი ტაიმი პირველად წააგო ორბურთიანი სხვაობით 2005 წლის შემდეგ (მილანთან ფინალში პირველი ტაიმის მერე 0:3 მარცხდებოდა).

📺 რეალი 3:1 ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები