Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალის "რიმეიკი" წლევანდელი მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩია! ბაიერნი (მანჩესტერ სიტისთან ერთად) წელსაც ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, თუმცა მხოლოდ ფინალში გასვლა და მისი მოგებაა პარიზული გრანდის მიზანიც. ნეიტრალური ქომაგისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი მათგანი ნახევარფინალშიც კი ვერ გავა. ფაქტია: პირველსავე დუელში დაძაბული და სანახაობრივი ფეხბურთი გარანტირებული გვაქვს.

რა შანსი აქვს პსჟ-ს მიუნხენში? არცთუ მცირე, რადგან რეკორდმაისტერს მთავარი გოლეადორი, რობერტ ლევანდოვსკი აკლია. პოლონელი ტრავმირებულია და მის ნაცვლად, წინა ხაზზე, დიდი ალბათობით, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი ითამაშებს, რომელიც მიუნხენურ გრანდში სწორედ პარი სენ-ჟერმენიდან გადავიდა. მიუნხენელები ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ბაიერნი ლევანდოვსკიზე არცისე ძლიერადაა დამოკიდებული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ჰანსი ფლიკის გუნდი ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. "რეკორდმაისტერმა" შაბათს, ბუნდესლიგაში უშუალო კონკურენტი ლაიპციგი სტუმრად 1:0 დაამარცხა უკვე 7 ქულით უსწრებს. საპირპისპიროდ, ბაიერნთან შეხვედრას უხასიათოთ ხვდება პსჟ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ლილთან შინ 0:1 წააგო და 3 ქულით ჩამორჩა.

ზოგადად, პარიზული გუნდი ბოლო პერიოდში არასტაბილურად გამოიყურება. საფრანგეთის ჩემპიონმა ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. მიუხედავად ამისა, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა გუნდია და ბოლო 5 შეხვედრაა, დაუმარცხებელია.

პოჩეტინოს გუნდისგან განსხვავებით ბაიერნი სტაბილურია. ფლიკის გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან ყველა ტურნირზე ერთად შვიდივე მოიგო, ხოლო ბოლო 10 მატჩში, მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას: აქ "რეკორდმაისტერს" წარმოუდგენელი მაჩვენებელი აქვს. გერმანულმა გრანდმა ლიგაზე ბოლო 19 მატჩიდან ერთი ფრე ითამაშა დანარჩენი კი მოიგო. ამრიგად, ბაიერნი ახლოსაა მანჩესტერ იუნაიტედის რეკორდთან. ინგლისურ კლუბს 2007-2009 წლების შუალედში ჩემპიონთა ლიგაზე 25-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

"ეს ახალი მატჩია და პსჟ-ს ახალი გუნდი ჰყავს ახალი მწვრთნელით. თუმცა მთლიანობაში არც ისე ბევრი რამ შეიცვალა გასული წლის ფინალის შემდეგ. ჩვენ კარგად ორგანიზებულები უნდა ვიყოთ ბურთის ფლობის დროს. თუ ბურთს დავკარგავთ, მეტოქეზე ზეწოლა სწრაფადვე უნდა მოვახდინოთ," - განაცხადა ფლიკმა მატჩის წინ.

ჰანსი ფლიკისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ბურთის შენარჩუნება იქნება 

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს. ბოლო დუელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, სადაც ბაიერნმა პსჟ 1:0 დაამარცხა. საერთოდაც, პარიზულ გუნდს ბოლო წლებია, მიუნხენურ კლუბთან უჭირს. ბაიერნმა პსჟ-ს ბოლო 3 დაპირისპირებიდან სამივე მოუგო. პარიზულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 43 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვერ შეძლო და ისიც შარშანდელ ფინალში, ბაიერნის წინააღმდეგ.

ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. ბაიერნს წინა წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. ფლიკს ასევე არ ეყოლება დუგლას კოშტა, ხავბი მარტინესი და კორენტენ ტოლისო. მატჩის წინა დღეს სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა და ისიც ვერ ითამაშებს. რაც შეეხება პსჟ-ს: ფრანგებისთვის დიდი დანაკლისია მარკო ვერატის არყოფნა. ბაიერნთან ასევე ვერ ითამაშებენ პარედესი, ბერნატი, ფლორენცი, იკარდი და კურზავა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 19 მატჩიდან 18 მოიგო და 1 ფრე ითამაშა.

⚽ გერმანულმა კლუბმა პსჟ-ს ბოლო 3 თამაში მოუგო.

⚽ პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგაზე 5-მატჩანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ "რეკორდმაისტერმა" ყველა ტურნირზე ერთად ბოლო 7 მატჩი მოიგო. 

⚽ ბაიერნმა პსჟ-ს შინ ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან ყველაში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

⚽ გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 მატჩიდან 17-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 2 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო-მოტინგი.

ტრავმა: კოშტა, ჰოფმანი, ლევანდოვსკი, მარტინესი, ტილმანი, ტოლისო.

პსჟ (4-2-3-1): ნავასი - კერერი, მარკინიოსი, კიმპემპე, დიალო - გეიე, დანილო პერეირა - კინი, დი მარია, ნეიმარი - მბაპე.

ტრავმა: პარედესი (დისკვალიფიკაცია), ბერნატი, ფლორენცი, იკარდი, კურზავა, ვერატი.

კომენტარები

ბოლო ამბები