Thumbnail
  • უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი დაასახელა
  • რეალისა და ლივერპულის დუელს სერბი არბიტრი განსჯის

მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებში მსაჯებმა არაერთი მინიმუმ საკამათო და მაქსიმუმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ორმაგად საინტერესო იყო, ვის დანიშნავდა უეფა ფინალის მთავარ არბიტრად. 26 მაისს, კიევში გასამართ ფინალს, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლივერპული შეხვდებიან, სერბი მილორად მაჟიჩი იმსაჯებს!

45 წლის სერბი საერთაშორისო დონეზე 2009 წლიდან მსაჯობს. ამ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩი იმსაჯა, ევროპალიგაში კი - ორი. შარშან მას კონფედერაციათა თასის ფინალი ანდეს (გერმანია 1:0 ჩილე), მანამდე კი 2014 წლის მუნდიალზე და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზეც იყო.

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალი, რომელშიც რეალმა იუვენტუსს 4:1 მოუგო, გერმანელმა ფელიქს ბრიხმა იმსაჯა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპალიგის ფინალში, რომელიც 16 მაისს ლიონში გაიმართება და რომელშიც ერთმანეთს მადრიდის ატლეტიკო და მარსელის ოლიმპიკი დაუპირისპირდებიან, მთავარი მსაჯი ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები