Thumbnail

ზინედინ ზიდანს ეიფორიული და მაღალფარდოვანი განცხადებები არ უყვარს. შესაბამისი იყო მისი ერთ-ერთი პირველი სიტყვები ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც: “ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ეს მომდევნო მატჩია.” - თქვა ზიზუმ თავისებურად და იქვე დაამატა, რომ რამდენიმე დღის წინ მისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ეიბართან მატჩი იყო, რომელიც მადრიდულმა გრანდმა შაბათს 2:0 მოიგო. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი პრესკონფერენციებზე სულ ასე ლაპარაკობს ხოლმე.

ზიზუ არაფერში ეთანხმება ესპანურ მედიას, სადაც რეალს მუდმივად აკრიტიკებენ. “ჩვენ მეტ აღიარებას ვიმსახურებთ, - განმარტა ფრანგმა, - მე ჩემს გუნდს სრულიად ვენდობი, სტატიებზე კი გავლენას ვერაფრით მოვახდენთ.”

48 წლის ზიდანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის განწყობა და კონცენტრაციაა: “წარმატებას ყოველთვის მოსდევს წარუმატებლობა და პირიქით. ეს გუნდი ეცემა კიდეც, მაგრამ ყოველთვის წამოდგება ხოლმე. ჩვენ იოლად არაფერს ვთმობთ. სწორედ ამით გამოირჩეოდა რეალი ყოველთვის. სანამ შანსი არსებობს, ჩვენ ამ შანსისთვის ვიბრძოლებთ.”

საინტერესოა, რომ რეალმა ოფიციალური მატჩი ბოლოს იანვრის ბოლოს წააგო, მერე კი 11 თამაშიდან 9 მოიგო. ზიდანის მთელი კონცენტრაცია ახლა ლივერპულისკენაა მიმართული - ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მომდევნო მეტოქეა. ფრანგმა კლოპზეც საინტერესოდ ისაუბრა: “იურგენი დიდებული მწვრთნელია. მას დიდი გამოცდილება აქვს. მისგან მეც ბევრი რამ ვისწავლე. ზოგადად, ყველა ისე მუშაობს, როგორც საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ არავისთვის მიბაძვა არ არის საჭირო. იურგენის მწვრთნელობის სტილი ძალიან განსაკუთრებულია.”

ის ფაქტი, რომ ლივერპულს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს, ზიდანისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს: “არ ვიცი, ნიშნავს თუ არა ეს დასუსტებას. მათ კიდევ ბევრი სხვა ფეხბურთელიც ჰყავთ. თანაც, მოთამაშეები ჩვენც გვაკლია.” მაგალითად, ედენ აზართან ერთად, რომელზეც ზიზუმ თქვა, მოთმინება უნდა იქონიოს და სიმშვიდე შეინარჩუნოსო, რეალს კაპიტანი სერხიო რამოსიც აკლია. მისი არყოფნის კომპენსირებას ნაჩო შეეცდება, რომელმაც ლივერპულთან მატჩის წინ განაცხადა, რომ საუკეთესო ფორმაშია. მანვე თქვა, რომ რამოსი რეალიდან არ უნდა წავიდეს: “როგორც თანაგუნდელი, მეგობარი და მადრიდისტა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რეალისთვის საუკეთესო მისი დარჩენა იქნება.”

ლივერპულთან რეალის დაცვის ცენტრში ვარანი და ნაჩო ითამაშებენ. “ყველაზე მთავარია, რომ მენტალურად ძლიერები ვიყოთ. მე საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული და ჩემთვის სულერთია, ვინ შემოგვიტევს - ფირმინო თუ ჟოტა.” - ესეც ნაჩოს სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები