Thumbnail

მანჩესტერ სიტი შეუდარებელ სეზონს ატარებს. თუ იუნაიტედთან “ფეხის დაცდენას” (0:2 7 მარტს) არ ჩავთვლით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს, დიდი ხანია, სერიოზულ წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. ინგლისის პრემიერლიგაში სიტის მცირე პრობლემაც კი არ აქვს და ცხრილს 14-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, რაც პეპს საშუალებას აძლევს, ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე იფიქროს, სადაც ასევე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. დორტმუნდი კი პირიქით - სერიოზულ კრიზისშია და გერმანიის ჩემპიონობას ვინ ჩივის, შესაძლოა, მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვოს. და ერლინგ ჰაალანდიც დაკარგოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ დუელში როლები ყველასათვის გასაგებადაა გადანაწილებული - სიტი უპირობო ფავორიტია, ბორუსია კი იბრძოლებს შანსისთვის, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან თეორიულია. ერთი რამ ცხადია: პირველსავე თამაშში შემტევი ფეხბურთი უნდა ვნახოთ.

გვარდიოლას გუნდმა მერვედფინალში უკვე დაამარცხა ერთი ბორუსია - მანჩესტერელებმა მიონხენგლადბახელებს ორივე თამაში 2:0 მოუგეს. დორტმუნდმა კი სევილია გააგდო - 3:2 სტუმრად და 2:2 შინ.

სიტისთან მატჩის წინ დორტმუნდელებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. ედინ ტერზიჩის გუნდი მხოლოდ ამ თამაშზე კონცენტრირებული ვერ იქნება, რადგან გერმანიის ჩემპიონატში საქმე ძალიან ცუდად აქვს. ბორუსიამ შაბათს უშუალო კონკურენტ აინტრახტთან, საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მე-4 ადგილს უკვე 7 ქულით ჩამორჩება. გერმანული კლუბის ერთადერთ იმედად ისევ და ისევ ჰაალანდი რჩება, რომელსაც 32 ოფიციალურ მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი და აქედან 10 ჩემპიონთა ლიგაში.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 თამაშში კარი მშრალად შეინახა.

⚽ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო.

⚽ სიტი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში პირველ ტაიმსაც იგებდა და თამაშსაც.

⚽ სიტის და დორტმუნდის ბორუსიას ბოლო 4 დაპირისპირებაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში დორტმუნდის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7-დან 6 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს.

⚽ ბორუსიას ჩემპიონთა ლიგაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ დორტმუნდს სიტისთან ურთიერთშეხვედრებში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიასი, კანსელო - ბ. სილვა, დე ბრუინი, გიუნდოგანი - მაჰრეზი, აგუერო, სტერლინგი.

დორტმუნდი (4-3-2-1): ჰიტცი - მორეი, ემრე ჯანი, ჰუმელსი, გერეირო - დაუდი, დილეინი, ბელინგემი - აზარი, როისი - ჰაალანდი.

ტრავმა: მუკოკო, სანჩო, შმელცერი, ვიტსელი, ზაგადუ

კომენტარები

ბოლო ამბები