Thumbnail
  • ფორვარდები, რომლებსაც პენალტის მოპოვების განსაკუთრებული ნიჭი აქვთ
  • სტერლინგის, სუარესის, რონალდოს, ნეიმარისა და ჯეკოს კიდევ ერთი პლუსი

რა თქმა უნდა, კარგი თავდამსხმელი, პირველ რიგში, გატანილი გოლების რაოდენობით ფასდება, თუმცა ფეხბურთში არსებობს სხვა კრიტერიუმებიც, რითაც ფორვარდის შესაძლებლობები განისაზღვრება. ერთ-ერთი ასეთი - პენალტის "სუფთად" მოპოვების უნარია. დიახ, აშკარა სიმულაციის გარეშე, უფრო კი მეტოქის სისუსტისა თუ გაუფრთხილებლობის გამოყენებით, დაანიშნინო არბიტრს 11-მეტრიანი, განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭი და ოსტატობა სჭირდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გრანადა
  • ფრე
  • იუნაიტედი

ქვემოთ წამყვანი ევროპული ლიგებიდან ხუთ გამორჩეულ ფეხბურთელს წარმოგიდგენთ, რომლებმაც ბოლო წლებში ყველაზე მეტი პენალტი გამოიმუშავეს. ამ სტატისტიკაში მოყვანილია ჩემპიონატებსა და ევროთასებზე რეალიზებული პენალტების რაოდენობა. 

რაჰიმ სტერლინგი

რაჰიმ სტერლინგი ამ რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა - მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა 19 პენალტის გამომუშავება 350-ზე მეტ მატჩში, 26 წლის ასაკში მოასწრო. შემთხვევითია ეს თუ არა, თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტია, ინგლისელმა წლების წინ დაიმკვიდრა სიმულანტის სახელი. შეგახსენებთ, 2017 წლის შემოდგომით, შახტართან გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რაჰიმმა ფეხი გაზონს წამოჰკრა და ვიკტორ კაშაის 11-მეტრიანი გამოსტყუა. იმ თამაშის შემდეგ სტერლინგმა ბოდიშიც კი მოიხიდა, მაგრამ... 

თუმცა, სინამდვილეში, სტერლინგის პენალტების კოლექციაში სიმულაციის წილი არცთუ დიდია და დღეს ამაში არბიტრები ეპიზოდების VAR-ზე გადამოწმების შემდეგაც რწმუნდებიან. მართალია, ფეხბურთელი არტისტულად ასრულებს ხოლმე ვარდნას, მაგრამ ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით - მის მიერ მოპოვებული ყველა 11-მეტრიანი გამოგონილი ნამდვილად არ არის.

ლუის სუარესი

21 გამომუშავებული პენალტი 400-ზე მეტ მატჩში - ამჟამად მადრიდის ატლეტიკოში მოთამაშე ურუგვაელის რეპუტაციაც არაერთგვაროვანია და ის არბიტრებს, სპეციალისტებსა თუ რიგით გულშემატკივრებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სიმულაციაში. 

სახასიათო ფაქტის მოყვანა 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ბარსელონა-ლიონის (5:1) მატჩიდანაც შეიძლება, როდესაც კატალონიელთა ფორვარდმა ბურთზე გაწოლილ მეტოქე მცველს ფეხზე თავად დააბიჯა, მაგრამ არბიტრს პენალტი მაინც დაანიშნინა, თანაც, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ.

"მეტოქეს ფეხზე შემთხვევით დავაბიჯე და ამის გამო გარჯვეულწილად წონასწორობა დავკარგე. არბიტრს შეეძლო დაენიშნა პენალტი, ან არ დაენიშნა", - ასეთი იყო მოგვიანებით ლუის სუარესის კომენტარი, რომელსაც ფაქტია, არამხოლოდ გაზონზე ეფექტურად გაგორება და ეფექტური გოლების გატანაც ეხერხება.

ნეიმარი

ნეიმარის გარეშე ეს რეიტინგი როგორ იქნებოდა? მის ანგარიშზეც 21 პენალტია (250-ზე მეტ მატჩში). ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჯერ კიდევ ევროპაში გადაბარგებამდე დაიგდო ისეთი მოთამაშის სახელი, რომელიც მეტოქის ლამის ყოველ შეხებაზე ძირს ეცემა და ტკივილისგან იმანჭება. 

ბარსელონაში გადასული ნეიმარი კი, ასეთი "ჰიპერმგრძნობელობის" გამო, პირველსავე სეზონში გახდა სკანდალის მიზეზი - "ელ კლასიკოში", რომელშიც ბარსამ სტუმრად რეალს ანგარიშით 4:3 მოუგო, ბრაზილიელმა 11-მეტრიანიც მოიპოვა და არბიტრს სერხიო რამოსიც გააძევებინა. 

განზრახ თუ შემთხვევით, ნეიმარმა კატალონიურ გრანდს მას შემდეგაც არაერთი პენალტი მოუპოვა, პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ კი, ბრაზილიელი თავდამსხმელი კიდევ უფრო მეტად დაათრევს ბურთს, რასაც ავტომატურად, მეტოქეთა მხრიდან ხისტი თამაში და არცთუ იშვიათად, ტრავმებიც მოჰყვება. ფაქტია, ნეიმარისთვის ლიგა 1-ის არცთუ დელიკატური მცველების პენალტით დასჯა ერთგვარი სიამოვნებაა. 

კრიშტიანო რონალდო 

1000-ზე მეტ მატჩში მოპოვებული 22 პენალტით, კრიშტიანო რონალდო რეიტინგში მეორეა და ეს, ალბათ, არავის გაუკვირდება. თავის დროზე ის არამხოლოდ პრემიერლიგის, ლამის სრულიად ევროპის მთავარ სიმულანტადაც მიაჩნდათ. დანიელი არბიტრი კლაუს ბო ლარსენი ამბობდა კიდეც: "მას ყოველთვის სურს, იოლად გამოიმუშაოს საჯარიმო ან პენალტი. განსაკუთრებით კი მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო მატჩებში. მსაჯები შეთანხმებული ვართ, რომ მასთან მიმართებაში ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ".  

დღესაც, როდესაც რონალდო უკვე ვეტერანად მიიჩნევა, კრიტიკოსები მას სიმულაციაში კვლავაც ადანაშაუელებენ, მაგრამ ეპიზოდების ყურადრებით შესწავლის შემდეგ, დარწმუნდებით, რომ პორტუგალიელი უბრალოდ ბრწყინვალედ იყენებს შესაძლებლობებს, რომლებსაც მას მეტოქეები აძლევენ. სულ ცოტა დააგვიანა მცველმა მასზე რეაგირება? რონალდო არ შეეცდება თავის შეკავებას და დაეცემა. მცველმა დაუტოვა ფეხი? ამ შემთხვევაშიც, ეს მცველის პრობლემაა და არა - პორტუგალიელის.

დიახ, იუვენტუსში მოთამაშე 36 წლის კრიშტიანოს მიერ გამომუშავებული პენალტი არა იაფფასიანი თეატრი, არამედ დიდი ხელოვანის შემოქმედებაა, რომელსაც ყველა წვრილმანი დამუშავებული აქვს და ეს არა კრიტიკას, არამედ აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს.

ედინ ჯეკო

ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეიტინგის პირველ ადგილზე ლიონელ მესი არ არის. მის სათავეში რომას ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკოა - 24 პენალტი 530-ზე მეტი მატჩში. ჯეკოსაც ისევე, როგორც ამ ხეუთეულის ყველა გმირს, ბრწყინვალედ ეხერხება მეტოქის მცირედი კონტაქტის პენალტში კონვენტირება. 

ერთი შეხედვით, 193 სმ სიმაღლის თავდამსხმელს იოლად უნდა შეეძლოს საშუალო სტატისტიკური აღნაგობის მეტოქის ბარიერის დაძლევა, მაგრამ ის მაინც ძირს ეცემა. მიუხედავად ამისა, ბოსნიელს სიმულანტს ვერ ვუწოდებთ. უბრალოდ, ჯეკო არასდროს გადაახტება მცველს, რომელიც მის ფეხებთან ვარდნით ცდილობს ბურთზე რეაგირებას. ის შესაძლებლობას არც მაშინ უშვებს ხელიდან, როდესაც გრძელი ნაბიჯის გადადგმით არის შანსი, მეტოქის ფეხს გამოედოს. კრიშტიანოსი არ იყოს, ედინიც პროფესიონალია პენალტის "სუფთად" მოპოვების საქმეში. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები