Thumbnail

TOP 10 | შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ფეხბურთის მოედანზეც გვინახავს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 10 შოუბიზნესის ვარსკვლავი მოედანზე
  • ანტონიო ბანდერასი, გორდონ რემსი და სხვები...

‘Soccer Aid’ ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავის - რობი უილიამსის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩების სერიაა, რომელიც 2006-წლიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება.

უილიამსის მიერ ორგანიზებულ მატჩში, ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს უპირისპირდება ხოლმე, სადაც ვეტერანი ფეხბურთელები, შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად თამაშობენ.

იაპ სტამის და გორდონ რემსის დუეტი რობი უილიამსის და რიკი ჰატონის წინააღმდეგ - ასეთ სცენებს ხშირად ნახავთ. მაგრამ Soccer Aid-ის საღამოებზე, მოედანზე ყველა ცნობად სახეს ხომ ვერ შეხვდებით, რამდენიმე მათგანს მხოლოდ ასეთ სიებში თუ ნახავთ.

#1 ანტონიო ბანდერასი

60 წლის ესპანელი ჰოლივუდის ვარსკვლავი მადრიდის რეალის გულშემატკივარია. თუმცა, ამას გარდა, ბანდერასი მსახიობობამდე ფეხბურთელიც გახლდათ და 1974-77 წლებში მალაგაში ადგილობრივი კლუბის ფორმით, მადრიდის რეალის ახალგაზრდულ გუნდთან თამაშიც კი აქვს ჩატარებული.

#2 ბობ მარლი

ბობ მარლის ფეხბურთი ძალიან უყვარდა. ალბათ არა იმდენად გუნდები და ვარსკვლავები, რამდენადაც თვითონ ამ სპორტის თამაში. გუგლში უამრავ ფოტოს ნახავთ, სადაც რეგის ვარსკვლავი ან კენწლის, ან ‘სამკუთხედში’ დგას - ერთ შემთხვევაში, მაგალითად ჯიმი ჰენდრიქსთან ერთად.

#3 დემიენ ლუისი

სერჟანტი ბროუდი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და რობი უილიამსის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩების მუდმივი სტუმარია, სადაც ერთხელ ზინედინ ზიდანთან მარცხი მოუვიდა. ‘Homeland’-ის და ‘Band of Brothers’-ის მსახიობი ლივერპულის დიდი ქომაგი გახლავთ და სტამბოლის ფინალსაცაც 'ათათურქის' ტრიბუნაზე შეესწრო.

#4 ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი ფეხბურთთან 70-იანი წლებიდან ასოცირდება. ელტონი უოტფორდის ქომაგი გახლავთ და 1976-1987 და 1997-2000 წლებში კლუბის პრეზიდენტის პოზიციასაც იკავებდა. თუმცა, თამაშიც უყვარს და ფოტოზეც სწორედ უოტფორდის მაისურითაა გამოსახული.

#5 გორდონ რემსი

სანამ სამზარეულოში დამწყებ მზარეულებს ღრიალს დაუწყებდა, მანამდე გლაზგო რეინჯერსის ახალგაზრდული გუნდის წევრი გახლდათ. თუმცა, 19 წლის ასაკში მიღებულმა ტრავმამ, რემსის ყურადღება 100%-ით კულინარიაზე გადაიტანა.

#6 ტომ კრუზი

ტომ კრუზი კინოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა. თუმცა, გადასაღებ მოედნამდე, საფეხბურთოზეც ხშირად დარბოდა. სკოლის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ ტრავმის გამო გუნდს ჩამოშორდა. კრუზი დღემდე ფეხბურთის ქომაგია და ლოს ანჯელეს გელექსის მატჩებზე ხშირად დადის.

#7 უილ ფარელი

სხვებისგან განსხვავებით, უილ ფარელი ფეხბურთის ინდუსტრიის ოფიციალური წევრია - ლოს ანჯელესის ფეხბურთის კლუბის ერთ-ერთი მეწილე გახლავთ. ისე ჩელსის ქომაგობს და ჟოზე მოურინიოს ერთხელ ასე მიმართა - „ასე განაგრძე დაცვაში თამაში, განაგრძე 7 კაცის საჯარიმოში ჩაყენება, მიყვარს ეს, მიყვარს!“ - აქედან 2 თვეში ჟოზე გუნდიდან დაითხოვეს და ფარელმა რატომღაც ამ ფრაზის გამო ბოდიში მოიხადა.

#8 ხულიო იგლესიასი

ხულიო იგლესიასი, მსოფლიო ჩარტების ლიდერობამდე, რეალ კასტილიას მოთამაშე (მადრიდის რეალის სარეზერვო გუნდის) მეკარე გახლდათ და დიდი გუნდის განაცხადშიც ყოფილა დაფიქისრებული. ავტო-საგზაო შემთხვევამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და ხულიომ მუსიკის სამყაროში გადაინაცვლა.

#9 რობერტ პლანტი

'ლედ ზეპელინის' ლეგენდარული ვოკალისტი რობერტ პლანტი ვულვერჰემპტონის გულშემატკივარი და ამ გუნდის საპატიო პრეზიდენტია. „1974-ში, როდესაც ლიგის თასი მოვიგეთ, უემბლიდან სახლამდე 3 დღე ვბრუნდებოდი.“ - იხსენებდა პლანტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

#10 როდ სტიუარტი

ამ სიაში მყოფი შოუბიზნესის ვარსკვლავებიდან პროფესიონალ ფეხბურთელობასთან ყველაზე ახლოს, მაინც როდ სტიუარტი იყო. სტიუარტი ბრენტფორდ სიტიში სინჯებზე იმყოფებოდა, თუმცა გუნდში არ დაიტოვეს. ბედი სხვაგან არც მიცდია, მუსიკოსობა უფრო მარტივი მეჩვენაო - ამბობდა პოპ-ვარსკვლავი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები