Thumbnail

‘ეს სიტუაცია ყარს!’ - სტეფ კარი კიდევ ერთი მარცხის შემდეგ ძალიან გაბრაზებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ატლანტა 117:111 გოლდენ სტეიტი
  • კარიმ თანაგუნდელები გააკრიტიკა
  • სტივ კერიც ფრუსტრირებული და უიმედოა

გოლდენ სტეიტის მორიგი მარცხის შემდეგ, უორიორსის ლიდერი სტეფ კარი ფრუსტრირებული და უიმედოა. ატლანტასთან 111:117 წაგებულმა მატჩმა კარი აიძულა, გუნდი მკაცრად გაეკრიტიკებინა.

“ყველანი ველოდით, რომ სეზონის ამ პერიოდში უკეთ ვითამაშებდით და უკეთესი შედეგები გვექნებოდა,” - განაცხადა 33 წლის კარიმ მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო 8 მატჩში მე-7 მარცხი იწვნია, - “ბიჭებს უკეთ თამაში და მწვრთნელის მოლოდინის გამართლება სურთ და როცა ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, ფრუსტრირებულები ვართ.”

ატლანტასთან წაგებას წინ ტორონტოსთან სარეკორდო, 53-ქულიანი სხვაობით მარცხი უძღოდა. უორიორსის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ამ წაგებას დამამცირებელი უწოდა. ატლანტასთან კარიმ და დრეიმონდ გრინმა ითამაშეს, რომლებიც რეპტორსთან არ იყვნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სტეფმა 37 ქულა ჩააგდო, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ გოლდენ სტეიტს თამაში მოეგო.

“იმედია, ეს მარცხი ყველასათვის ისევე მტკივნეულია, როგორც ჩემთვის. იმედი მაქვს, ახლა აქ თავს კომფორტულად არავინ გრძნობს,” - ამ სიტყვებით კარიმ პირდაპირ თანაგუნდელებს მიმართა, - “მინდა, მჯეროდეს, რომ ცხრილის შუაში ყოფნით ბედნიერი არავინაა. ახლა გამოჩნდება, რამდენად გამართლდება ჩემი იმედები - გამოჩნდება იმით, თუ როგორი რეაქცია გვექნება მომდევნო თამაშებში.”

გოლდენ სტეიტს 50 მატჩის შემდეგ მხოლოდ 23 მოგება და 27 წაგება აქვს - უორიორსი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. კარის გუნდთან ცხრილში ძალიან ახლოს არიან ნიუ ორლეანს პელიკანსი (22-27) და საკრამენტო კინგსი (22-28). ეს იმას ნიშნავს, რომ გოლდენ სტეიტს პლეი ოფის მიღმა დარჩენის საფრთხე სერიოზულად ემუქრება.

“ფაქტია, ასე გაგრძელება არ შეიძლება. დაუშვებელია, რომ მომდევნო შეხვედრებშიც ისე ვითამაშოთ, როგორც ბოლო თამაშებში ვთამაშობდით. ვერ დაველოდებით იმას, რომ რაღაცები თავისით შეიცვალოს, ეს არ მოხდება. თვითონ უნდა შევცვალოთ ყველაფერი. ფაქტია, ეს სიტუაცია ყარს! წაგება საშინელებაა. გასახდელშიც შემაძრწუნებელი გარემო იყო.”

გოლდენ სტეიტს 50 მატჩის შემდეგ მხოლოდ 23 მოგება აქვს

სტეფს და გუნდის მწვრთნელ კერს არ აქვთ პასუხი იმაზე, თუ რატომ უშვებენ უორიორსის ახალგაზრდა მოთამაშეები იდენტურ შეცდომებს თითქმის ყველა თამაშში. მაგალითად, ატლანტასთან გოლდენ სტეიტს უფრო მეტიო ფოლი (26) ჰქონდა, ვიდრე ასისტი (25). ატლანტას კალათბურთელებმა 45 საჯარიმო ისროლეს და ასე 35 ქულა ძალიან მარტივად აიღეს. “არ ვიცი!” - დასძინა კარიმ - ამ თემაზე უკვე მეოცედ მეკითხებიან და პასუხი არ მაქვს.”

“დაშვებულ შეცდომებზე პასუხი რომ მქონდეს, არ დაგიმალავდით. ამ ყველაფერზე ყოველდღე ვლაპარაკობთ. მატჩის წინაც ამაზე ვისაუბრეთ და შესვენებაზეც. მაგრამ მაინც მარტივად წავაგეთ, რადგან ისევ და ისევ ვჯარიმდებოდით.” - ეს სტივ კერის სიტყვებია.

გოლდენ სტეიტი მომდევნო მატჩს 7 აპრილს, მილუოკისთან გამართავს და ფაქტია, ბაქსი ამ შეხვედრაში ფავორიტი იქნება. ატლანტასთან თამაშის საუკეთესო მომენტებს კი ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები