Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კარიერა შესაძლოა საბერძნეთში გააგრძელოს
  • ბერძნული მედიის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი პანათინაიკოსს შესთავაზეს  

საქართველოს ნაკრებისა და ანორთოსისის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კარიერა შესაძლოა საბერძნეთში გააგრძელოს. კვიპროსული მედია, ბერძნულ newspao.gr-ზე დაყრდნობით წერს, რომ 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ათენის პანათინაიკოსს შესთავაზეს. 

გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო უფლებებს ბელგიური გენტი ფლობს, ანორთოსისში კი თავდამსხმელი იჯარით გამოდის. ფორვარდმა საკლუბო სეზონის ყველა ტურნირში 27 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. გიორგის, რომელსაც კვიპროსელებთან იჯარა სეზონის ბოლოს უმთავრდება, გენტთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ კლუბში დაბრუნდეს.

გიორგის ბელგიურ კლუბში დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია

"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ახლახან საბერძნეთი-საქართველოს მატჩში ითამაშა, პანათინაიკოსს შესთავაზეს - გიორგი ქვილითაია, რომელიც ანორთოსისში გენტიდან იჯარით თამაშობს. 

newspao.gr-ს ინფორმაციით, 27 წლის თავდამხმელზე გენტი იმედს არ ამყარებს, ასევე ბუნდოვანია იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მისი მომავალი კვიპროსში და ფეხბურთელის წარმომადგენლებიც მის კარიერაში ახალ ეტაპს მოელიან. 

2018 წელს გენტმა ქვილითაიაში 3 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ახლა სავარაუდოდ, ამ თანხის ნახევრის მიღებაც გაუჭირდება", - წერს საიტი

საბერძნეთის 20-გზის ჩემპიონი პანათინაიკოსი საბერძნეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.  

ქვილითაიამ სტუმრად საბერძნეთთან მატჩში (1:1) შეცვლაზე ითამაშა

გიორგი ქვილითაიას, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული (6 გოლი), სამშობლოში სასკოში, გორის დილასა და დინამო თბილისში უთამაშია. საზღვარგარეთ კი, გენტისა და ანორთოსისი გარდა, უნგრულ დიორსა და ავსტრიულ რაპიდში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები