Thumbnail

როლან გაროსი შესაძლოა გადაიდოს - საფრანგეთში ახალი რეგულაციებია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ტრიბუნებზე ხალხის დიდი მასის შეშვება რისკებთანაა დაკავშირებული'
  • ამჟამინდელი ვერსიით, ტურნირი 24 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდში უნდა გაიმართოს

საფრანგეთის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელმაც სტარტი მაისის ბოლოსკენ უნდა აიღოს, შესაძლოა, გაურკვეველი დროით გადაიდოს. აღნიშნული განცხადება ქვეყნის სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინიანიუმ რადიო France Info-ში სტუმრობისას გააკეთა.

“ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან და შესაძლო ახალ თარიღებს ვათანხმებთ. ჯერჯერობით, უმაღლესი კლასის ტურნირები დაცულია, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ტრიბუნებზე ხალხის დიდი მასის შეშვება რისკებთანაა დაკავშირებული”.

ამჟამინდელი განრიგით, როლან გაროსის მოახლოებული გათამაშება პარიზულ კორტებზე 24 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდში უნდა გაიმართოს, თუმცა, მისი ჩატარება კითხვის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც საფრანგეთმა კიდევ ერთხელ გაამკაცრა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები. 3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაკეტილია სკოლები და მაღაზიები, მაცხოვრებლებს კი სახლებიდან 10 კმ-ს მიღმა გასვლა ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-პანდემიამ საფრანგეთის ღია პირველობა ლამის შარშანაც ჩაშალა, როდესაც ტურნირი 24 მაისიდან 7 ივნისამდე იყო დაგეგმილი, საბოლოოდ კი, 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში შედგა. როლან გაროსის მოქმედი გამარჯვებული კაცებში ესპანელი რაფაელ ნადალი გახლავთ, ქალებში კი – პოლონელი იგა შვიატეკი.

კომენტარები

ბოლო ამბები