Thumbnail

ზეედორფი, ნედვედი, კამორანეზი - ხაბიბი ფეხბურთის ცოდნაში გამოცადეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • UFC-იმ ხაბიბის საფეხბურთო ცოდნა შეამოწმა
  • დაღესტნელი ფეხბურთში ისე ერკვევა, როგორც MMA-ში

ცნობილია, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ფეხბურთის და კერძოდ მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია. სწორედ ამიტომ, UFC-იმ ხაბიბის ფეხბურთის ცოდნა შეამოწმა და ყოფილ ჩემპიონს, სთხოვეს, ფეხბურთელები საბრძოლო სტილით დაეხასიათებინა.

'ნოკაუტ არტისტი' - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

საუკეთესო 'ნოკაუტერად' ხაბიბმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელა. ეს გოლების რაოდენობით და ფეხების სხარტი მოძრაობით ახსნა. "ზლატანი MMA-ის დიდი ქომაგია, მეც მხარს მიჭერდა. ხშირად გვაქვს მიმოწერა და ძალიან კარგი ადამიანია."

'კარდიო მანქანა' - პაველ ნედვედი

გამძლეობაზე ხაბიბს პაველ ნედვედი გაახსენდა. "2003 წელს გახსოვთ როდესაც ოქროს ბურთი მოიგო? მოედანზე რეებს აკეთებდა..." - ასე ახსნა ხაბიბმა ნედვედის დასახელების მიზეზი. ნედვედი ბევრს დარბოდა, მაგრამ ამ წოდებას ვინმე პრემიერლიგელი ალბათ უფრო იმსახურებდა.

'შავი საქმის მუშა' - კლარენს ზეედორფი

"მხოლოდ ერთი კაცი არსებობს, ვინც ჩემპიონთა ლიგა 3 სხვადასხვა გუნდის სახელით მოიგო - კლარენს ზეედორფი. ამიტომ აქ სწორედ მას დავასახელებ." - განაცხადა ხაბიბმა და მშვენიერი კანდიდატურა დაასახელა.

'ყველაფრის ამტანი' - მაურო კამორანეზი

ამ წოდების ხაბიბისეული კონტექსტი ასეთია - შემტევი, რომელსაც ბევრს ურტყამენ, მაგრამ არ წუწუნებს. ასეთი, მის წარმოდგენაში იდეალური ფეხბურთელი მაურო კამორანეზი გახლდათ. "გახსოვთ ეს მოთამაშე? არგენტინელი იყო, მაგრამ იტალიის ნაკრებში თამაშობდა. ბევრს მუშაობდა და მსაჯისთვის, ან მეტოქისთვის უხეშობაზე არასოდეს უსაყვედურია."

'ტექნიკური გრეპლერი' - ზინედინ ზიდანი

"ტექნიკის და ბურთთან დამოკიდებულების მხრივ, ზიდანს მგონია, რომ კონკურენტი არ ჰყავდა. არ მახსოვს ვინ თქვა 'თუ არ იცი ბურთს რა უყო, ზიდანს მიეცი!' - მართლაც ასეა." - ამბობს ხაბიბი და პარტერში სხარტი გადაწყვეტილების მიმღებად ზიდანს ასახელებს.

'თრეშ-თოქერი' - ერიკ კანტონა

​პასუხზე ბევრი არ უფიქრია, კანტონა დაასახელა, რომლის ფილოსოფიურ ფრაზებსაც ხაბიბმა 'თრეშ-თოქის' კლასიფიკაცია მისცა, თუმცა დელ ბოსკეც გაიხსენა "როდესაც მე ვიყავი რეალის მწვრთნელი, ბარსა მხოლოდ თავის დაბადების დღეს ზეიმობდაო - გახსოვთ დელ ბოსკეს ეს ფრაზა? კარგი თრეშ-თოქია, მაგრამ ამ კაცს ასეთ წოდებას ვერ მივანიჭებ..." - ამბობს ხაბიბი.

'იდეალური მოჭიდავე' - რობერტო კარლოსი

პასუხზე ბევრი იფიქრა და ბოლოს რობერტო კარლოსი გაახსენდა. "სულ ბურთისთვის იბრძოდა, სულ უტევდა და სულ თავს იცავდა. ფეხების ფორმა, დგომის მანერა, ხასიათი - კარლოსი სუფთა მოჭიდავეა!" - ამტკიცებს ხაბიბი.

'GOAT' - კრიშტიანო რონალდო

"16 წელი ასეთ დონეზე თამაში წარმოუდგენელია! ყველა დროის საუკეთესოა და ამას დღესაც ამტკიცებს, როდესაც ამ ასაკში ბომბარდირთა დავაში ისევ დომინირებს." - რონალდო ხაბიბის აზრით ყველა დროის საუკეთესოა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები