Thumbnail
  • გურამ გიორბელიძემ პოპსპორტის შეკითხვებს უპასუხა
  • 25 წლის ქართველ მცველს შთამბეჭდავი სანაკრებო დებიუტი ჰქონდა
  • გიორბელიძემ ნაკრებზე, სანიოლზე, კლუბსა და კვარაცხელიაზე ილაპარაკა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ყველაზე მეტად თავი გურამ გიორბელიძემ გამოიჩინა. 25 წლის მარცხენა მცველი, რომელსაც სხვათა შორის, საპირისპირო ფლანგზეც შეუძლია თამაში, შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

გიორბელიძე გიორგი ლორიასთან, ლაშა დვალთან და გურამ კაშიასთან ერთად ის ფეხბურთელია, რომელმაც მარტის სანაკრებო სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა. არადა, იმავე ლორიასა და კაშიასგან განსხვავებით, მან ეროვნულ ნაკრებში პირველი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ავსტრიული ვოლფსბერგერის განაპირა მცველს სადებიუტო მღელვარება სულაც არ ეტყობოდა და რომ არ გცოდნოდა, ისეთი შთაბეჭდილება გექნებოდა, თითქოს ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

პოპსპორტი 25 წლის ფეხბურთელს ავსტრიაში დაუკავშირდა. გურამი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე კარიერის დასაწყისიდანვე ოცნებობდა და ეს მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. გიორბელიძემ ბევრ სხვა საინტერესო საკითხზეც ილაპარაკა...

POPSPORT: პირველ რიგში, როგორ შეაფასებ განვლილ სამ შეხვედრას?

გურამ გიორბელიძე: უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი მიზანი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. ამ მიზანს მივაღწიე, რის გამოც ყველას მადლობელი ვარ, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. ჩემთვის ეს უდიდესი მოტივაციაა. ძალიან რთული თამაშები გვქონდა, თან ისეთ მოკლე დროში, რომ ვარჯიში თითქმის არ გვქონია ისეთი, რომ ტაქტიკურად მოვმზადებულყავით, რადგან ძალიან მჭიდრო გრაფიკი იყო. არ იყო დრო, რომ სამწვრთნელო შტაბს ტაქტიკური ვარჯიში ჩაეტარებინა. ასეა თუ ისე, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, ცოტა მეტად რომ გაგვმართლებოდა, უფრო მეტ ქულას მოვიპოვებდით. თუმცა, ამ მატჩებიდან დავინახეთ, რომ ყველა გუნდთან შეიძლება თამაში და ბრძოლა.

გურამ გიორბელიძე და ხვიჩა კვარაცხელია ფერან ტორესის წინააღმდეგ

POPSPORT: როგორ ემოცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ნაკრებში გამოგიძახეს?

გიორბელიძე: თავიდან ზუსტად არ ვიცოდი, რომ ნაკრებში გამომიძახეს. რაღაც ინფორმაცია მქონდა, მაგრამ იმ დროს დაზუსტებული და საბოლოო არ იყო. დაახლოებით 40-კაციან სიაში ვიყავი. სანამ ზუსტად გავიგებდი, ის პერიოდი გუნდში არ მიწევდა თამაში, მაგრამ მაინც მქონდა მოტივაცია და ვფიქრობდი, რომ ნაკრებში გამოძახების შანსი მაინც მექნებოდა. გუნდში ართამაშის მიუხედავად, ასმაგი მოტივაციით ვვარჯიშობდი, რომ ნაკრებში მომზადებული წავსულიყავი. ვფიქრობ, როდესაც შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო. ცხადია, კარგია დებიუტი და ნაკრებში თამაში, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც გამარჯვება იყო.

'ამ სამეულიდან ყველაზე ძლიერი მაინც ალბათ კულუშევსკი იყო'

POPSPORT: პირველი წუთები რომ გაიხსენო ნაკრების მაისურით - შვედეთთან, თანაც ზლატანის წინააღმდეგ გიწევდა თამაში. რამდენად იყო მღელვარების ფაქტორი?

გიორბელიძე: ვოლფსბერგერში ევროპალიგაზე საკმაოდ ძლიერ გუნდებთან, ტოტენჰემის, ფეიენოორდის, ცსკა-ს წინააღმდეგ მქონდა ნათამაშები და აქედან გამომდინარე უფრო გამიადვილდა. ნაკრებში თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, არის ემოციები, მაგრამ ევროპალიგის თამაშები ძალიან დამეხმარა, დიდი გამოცდილება მომცა. მოკლედ, დაძაბულობა არცერთ სანაკრებო თამაშში არ მქონია.

გიორბელიძემ სამივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა
📸 | Nakrebi.ge

POPSPORT: განვლილ სამ თამაშში შენს ფლანგზე დეიან კულუშევსკის, ფერან ტორესისა და ხრისტოს ძოლისის წინააღმდეგ მოგიწია თამაში. რომელთან უფრო რთული იყო დაპირისპირება?

გიორბელიძე: სიმართლე გითხრათ, არცერთთან გამჭირვებია. უფრო მაინც კულუშევსკი. ვიცოდი მისი თამაშის სტილი, მატჩის წინა ღამეს ვუყურე მისი თამაშის ვიდეოებს, მანამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ უფრო შევისწავლე. ვიცოდი, რა პლუსები და მინუსები ჰქონდა და ეს დამეხმარა. ამიტომაც არ გამიჭირდა, მაგრამ ამ სამეულიდან ყველაზე ძლიერი მაინც ალბათ კულუშევსკი იყო.

POPSPORT: ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მარცხენა ფლანგზე გიწევს თამაში. როგორ და რამდენად მოახერხეთ შეთამაშება ამ მოკლე დროში?

გიორბელიძე: თამაშის დაწყებამდე მწვრთნელის მხრიდანაც იყო დავალება და მე და ხვიჩაც ვსაუბრობდით, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ხვიჩასთან ორი მეტოქე როდესაც მიდიოდა, მე ადგილს ვუთავისუფლებდი და მას ბურთი შუაში მოჰქონდა. საბერძნეთთან იყო ერთი მომენტი ზუსტად ასეთი, როცა მას ბურთი მივეცი, სივრცე გავუთავისუფლე და ის შუაში შემოვიდა, უბრალოდ, შეტევა გოლით აღარ დასრულდა.

POPSPORT: საბერძნეთთან მატჩში უფრო მეტად რომ გაგვერისკა, ხომ არ იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ ეს თამაში მოგვეგო?

გიორბელიძე: თავიდან 10-15 წუთი კონცენტრაცია ვერ მოვახდინეთ, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ უკვე ის თამაში ვითამაშეთ, რაც გვსურდა. უბრალოდ, ამ თამაშში უიღბლობა იყო, მეტი არაფერი, თორემ ჩვეულებრივად შეგვეძლო 3 ქულის აღება.

გიორბელიძე ისე თამაშობდა, თითქოს ნაკრებში დიდი ხანია, იძახებენ
📸 | Nakrebi.ge

POPSPORT: ვილი სანიოლი ძალიან წარმატებული მარჯვენა მცველი იყო. რამდენად არის ეს პლუსი საქართველოს ნაკრების განაპირა მცველებისთვის და თუ მოგცათ კონკრეტული რჩევები?

გიორბელიძე: სანიოლი მართლაც ძალიან კარგი მარჯვენა მცველი იყო და რჩევებიც, რა თქმა უნდა, მოგვცა. ძალიან კონტაქტური ადამიანია. როდესაც მოედანზე ხარ, ისე გიდგება და ისეთ ენერგიას გაწვდის, რომ ცუდადაც რომ თამაშობდე, შეუძლია, გუნდის აყოლიება. ბევრის თქმა ამ ეტაპზე მეც არ შემიძლია, რადგან სულ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. თუმცა, ის კი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანია.

POPSPORT: ივნისში ამხანაგური თამაშებია დაგეგმილი. რამდენად წაგადგებათ ეს, მითუმეტეს, რომ ახლა გუნდს ძალიან მცირე დრო ჰქონდა და პირდაპირ 3 ურთულესი ოფიციალური თამაშის ჩატარება მოგიწიათ...

გიორბელიძე: ეს ტესტ-მატჩები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად ის ფეხბურთი ვითამაშოთ, რაც დაგეგმილია და ნაკრებს სურს. ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება იქნება. ახალი გუნდია, ახალი მწვრთნელია და შეთამაშებაში ძალიან დაგვეხმარება.

POPSPORT: ესპანეთთან პირველად ითამაშე საქართველოს ნაკრებში გულშემატკივართა წინაშე...

გიორბელიძე: გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა და რა თქმა უნდა, მათი დიდი დამსახურებაა, რომ ეს ენერგია გვქონდა. დიდი მადლობა ქომაგებს, რადგან მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. 90 წუთის განმავლობაში ტაშს გვიკრავდნენ.

POPSPORT: როგორი სიტუაციაა ვოლფსბერგერში?

გიორბელიძე: თავიდან რომ გადავედი, დაახლოებით 4 თვე გამიცდა. საქართველოდან წასვლამდე ბოლო თამაშში კუნთი გავიწყვიტე და ამის გამო იყო იმის საშიშროება, რომ კონტრაქტი ჩაშლილიყო, მაგრამ გვერდში დამიდგა ჩემი მენეჯერი, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრი გიორგი ფოფხაძე, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ აქ გადმოვსულიყავი და ყოველდღე ჩემთან ერთად განიცდიდა იმ ტკივილს, რაც იმ დროს მქონდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ახლა ვოლფსბერგერში ვარ და საქართველოს ნაკრებში ვითამაშე, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო. გუნდში 3 კვირაა ახალი მწვრთნელი გვყავს და ჯერჯერობით დიდად არ მენდობა, მაგრამ მე ჩემის მხრივ ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და ყველაფერს ვაკეთებ.

გურამმა ევროპალიგაზე თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო

POPSPORT: რამდენად დაგეხმარა ავსტრიაში ადაპტაციაში ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილის ფაქტორიც, რომელიც შენი თანაგუნდელია?

გიორბელიძე: თავიდან ძალიან რთული პერიოდი მქონდა ტრავმის გამო და რა თქმა უნდა, ლუკას გუნდში მოსვლა, რომელიც ჩემი ტრანსფერიდან ერთ თვეში ჩამოვიდა, კიტეიშვილის აქ ყოფნა, ძალიან დამეხმარა. ნაკრებზეც იგივეს ვიტყოდი: ოთარ კიტეიშვილი მეხმარებოდა ადაპტაციის გავლაში.

POPSPORT: ავსტრიის ჩემპიონატში როგორი დონეა?

გიორბელიძე: მაღალი დონის ჩემპიონატია. ზალცბურგი, ლასკი, რაპიდი, იგივე ჩვენი გუნდი საკმაოდ მაღალი დონის გუნდები არიან. ფიზიკურად მომზადებული თუ არ ხარ, აქ ძალიან დაიჩაგრები და თამაში გაგიჭირდება. ავსტრიაში ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

POPSPORT: ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ითამაშე. რა პოტენციალი აქვს მას და რა დონისთვის შეუძლია მიღწევა?

გიორბელიძე: ხვიჩას თავისი მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ უჩვენებია და შეუძლია, უსაზღვროდ მოუმატოს. რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება, რამდენის გაკეთება და რა დონეზე თამაში შეუძლია.

გურამ გიორბელიძე ავსტრიულ ვოლფსბერგერში გასული წლის ზაფხულში გადავიდა და სეზონის საწყისი პერიოდი სერიოზული ტრავმის გამო გაუცდა. 25 წლის მცველმა ავსტრიული კლუბის მაისურით დღემდე 11 თამაში ჩაატარა, მათ შორის, 3 ევროპალიგაზე. გურამი 2019-2020 წლებში გორის დილაში, ხოლო 2013-2018 წლებში ბოლნისის სიონში თამაშობდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მას 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები