Thumbnail

კიდევ ერთი სერიალი თამაშის მიხედვით: რა ვიცით HBO-ს The Last of Us-ზე

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • სერიალის სიუჟეტზე ნილ დრაქმანი და ქრეიგ მაზინი მუშაობენ
  • მთავარ როლებს ბელა რამზი და პედრო პასკალი ითამაშებენ
  • დრაქმანის თქმით, 'სერიალისა და თამაშის შინაარსი განსხვავებული იქნება'

დეველოპერული სტუდია Naughty Dog-ის თამაში The Last of Us 2013 წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი პოპულარობა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ის PlayStation-ის ექსკლუზივი იყო, თამაში პოპ-კულტურის ფენომენად მალევე იქცა. თამაშის მეორე ნაწილი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და 2020 წლის ვიდეოთამაშების დაჯილოვებების ერთ-ერთი ფავორიტიც იყო. 

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ პოპულარული ვიდეოთამაშების ფილმებად თუ ტელესერიალებად ქცევა, დღეს, ყველა სტუდიას სურს. განსაკუთრებით კი The Witcher-ის წარმატების შემდეგ. ახლა, როცა უკვე ცნობილია, რომ The Last of Us-ზე დაფუძნებული სერიალზე HBO მუშაობს, მოდით, შევაჯამოთ ყველაფერი, რაც ამ პროექტზე ვიცით.

რაზეა სერიალი?

ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუმცა, The Hollywood Reporter-ის ცნობით, სერიალი თამაშის პირველ ნაწილს დაეყრდნობა. მეორეს მხრივ, თამაშის ერთ-ერთმა ავტორმა, ნილ დრაქმენმა, ცოტა ხნის წინ ტვიტერზე განაცხადა, რომ 'სერიალის სიუჟეტი თამაშისგან დიდად განსხვავდება.' მაგრამ დაადასტურა, რომ პირველი სეზონი პირველი თამაშის 'თაიმლაინში' დარჩება.

The Last of Us takes-ის პირველ თამაშში, მოქმედება 2033 წელს მიმდინარეობს. 2003 წელს, სამყარო პანდემიამ მოიცვა, რომელმაც დედამიწის მოსახლეობის 60% დააინფიცირა. დაავადება ადამიანებში ტვინის მოქმედებას ანელებს და მათ ზომბებად აქცევს. ვაქცინის შექმნის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა და მთავრობამ გადაწყვიტა, ინფიცირებულებთან სამხედრო ძალით ებრძოლა. 2033 წელს, ამერიკის მთელი ტერიტორია პატარ-პატარა სამხედრო ბაზებადაა ქცეული, ხოლო გადარჩენილების მცირე რაოდენობა, რესურსებითვის ერთმანეთს ანადგურებს.თამაში ორი პერსონაჟის: ჯოელისა და ელის ისტორიას გვიყვება. ჯოელი, თამაშის პირველი ნაწილის მთავარი გმირია. ის ინფექციას გადაურჩა და ბოსტონის კარანტინის ზონაში ცხოვრობს. მისი ქალიშვილის, სარას, ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ჯოელი კონტრაბანდით ვაჭრობითა და თაღლითობით ირჩენს თავს და სხვების კეთილდღეობა დიდად არ ადარდებს. თუმცა, მას შედეგ, რაც შემთხვევით, 14 წლის გოგონას, ელის ერთადერთი დამცველის როლში აღმოაჩენს თავს, ჯოელი იცვლება. ელის, გაურკვეველი მიზეზების გამო, ინფექციის მიმართ იმუნიტეტი აქვს და, მისი სისხლი ერთადერთი გზაა ვაქცინის შესაქმნელად. დაახლოებით, ასეთია სიუჟეტი, რომელსაც სერიალი მიჰყვება.

ჯოელი (მარცხნივ) და ლედრო პასკალი (მარჯვნივ)

''ასეთ მაგალითს მოვიყვან:'' ამბობს დრაქმანი IGN-თან ინტერვიუში. ''ზოგიერთი დიალოგი, პირდაპირ თამაშიდანაა აღებული. თუმცა, თამაშის ზოგიერთი ასპექტის სატელევიზიო შოუს ფორმატში გადატანა, შეუძლებელია. მაგალითად, თამაშს ყოველთვის მეტი ბრძოლა და პატარ-პატარა ისტორიები და 'ქვესტები' აქვს, რაც სერიალში ვერ მოხვდება. ისინი ერთიან, მთავარ ისტორიაზე უნდა კონცენტრირდნენ რომ შინაარსი მაყურებელმა იოლად გაიგოს.''

ვინ მუშაობს სერიალზე? ვინ ასრულებს მთავარ როლებს?

ნილ დრაქმანი, თამაშის სიუჟეტის ავტორი და კრეატიული დირექტორი, სერიალის მთავარი პროდიუსერი იქნება და სიუჟეტის ადაპტაციასაც გაუწევს ხელმძღვანელობას. რაც შეეხება რეჟისორს, ამისთვის HBO-მ მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინი-სერიალის, 'ჩერნობილის' რეჟისორი ქრეიგ მაზინი მოიწვია. თამაშის სერიალად ადაპტაციაში ასევე ჩაერთვებიან Sony Pictures Television-ის, PlayStation Productions-ის, Word Games-ისა და Naughty Dog-ის წარმომადგენლები. გუსტავო სანტაოლალა, რომელმაც The Last of Us-ის ორივე თამაშის საუნდტრეკი შექმნა, თავის მუსიკალურ ტალანტს, სერიალზე სამუშაოდაც გამოიყენებს.

ბელა რამზი (მარცხნივ) და ელი (მარჯვნივ)

რაც შეეხება მსახიობებს: ჯოელის როლში პედრო პასკალს ვიხილავს, რომელიც ცნობილია დისნეის 'მანდალორიელსა' და HBO-ს 'სამეფო კარის თამაშებში' შესრულებული როლებით. რაც შეეხება ელის, მის როლს ბერა რამზი ითამაშებს. ბელას აღიარება 'სამეფო კარის თამაშებში' ლიანა მორმონტის როლმა მოუტანა. 

როდის გამოვა სერიალი?

HBO-მ, როგორც ჩანს, სერიალზე მუშაობა უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც სხვა ყველა პროექტს, The Last of Us-საც პრობლემები შეექმნა კორონავირუსის პანდემიის გამო. თუმცა, მაზინმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, საქმემ, როგორც იქნა, წინ წაიწიაო. რეჟისორმა განმარტა, რომ პროექტის 'პირველ ნაწილზე' მუშაობს, რაც დრაქმანთან ერთად, სცენარზე მუშაობას გულისხმობს. სულ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაღებები 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 8 ივნისამდე დაგეგმილი კანადის ქალაქ კალგარიში. ამის გათვალისწინებით, ალბათ, სერიალს 2022 წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ, თუმცა, იქამდე, შეგვიძლია სხვა გეიმერული სერიალებით გავერთოთ, რომელთა სიმცირეს, სთრიმინგ სერვისები ნამდვილად არ უჩივიან.

კომენტარები

ბოლო ამბები