Thumbnail
  • ცსკა 97:72 ხიმკი
  • თორნიკე შენგელია: 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა

ევროლიგაში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ რუსულ ხიმკის უმასპინძლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან იოლად მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვა, მაგრამ გარდამტეხი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც დმიტრი იტუდისის გუნდმა 16 ქულით მოიგო და საბოლოოდ 97:72 გაიმარჯვა. ცსკა-მ ევროლიგაში ზედიზედ მეოთხე მოგება ჩაიწერა აქტივში.

შენგელიამ პარკეტზე 20:21 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 4 მოხსნა (4-ვე დაცვაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი გააცუდა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 13 იყო.

ცსკა-მ გუნდური კალათბურთი აჩვენა და 10-ქულიან ზღვარს ქართველი მძიმე ფორვარდის გარდა, კიდევ 5 კალათბურთელი გადასცდა, საუკეთესო კი იოჰანეს ვოიტმანი გახლდათ, რომელსაც 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 16 ქულა, 9 მოხსნა.

ევროლიგაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება და ცსკა-ს პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს. მხოლოდ ის არის გასარკვევი, რომელ ადგილზე გავა. მოსკოველებს 32 თამაშში 22 მოგებითა და 10 წაგებით მე-2 პოზიცია უკავიათ და მომდევნო ტურში, 8 აპრილს, ფრანგულ ლიონ-ვილერბანს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები