Thumbnail
  • ზურაბ ცისკარიძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას ეცდება
  • მარცხენა მცველია, მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში
  • ვაისის დროს მან ეროვნულ გუნდში კარგი შთაბეჭდილება დატოვა
  • ცისკარიძემ პოპსპორტთან Zoom-ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა

ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის დროს საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ცისკარიძე იყო, რომელმაც ეროვნულ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მას მერე ნაკრებში აღარ გამოჩენილა.

როცა ნაკრებში მოხვდა, ცისკარიძე ჩეხური ტეპლიცეს წევრი გახლდათ. სლოვაკი სპეციალისტის ხელში მარცხენა მცველად გასინჯულმა ფეხბურთელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - თანაც, მას რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და ლოგიკურად, ვაისისთვის საინტერესო ფეხბურთელად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ზურაბ ცისკარიძე ესპანეთთან მოგებული ტესტ-მატჩის შემდეგ

“შენ ჩემი რადარებიდან გაქრი” - ასეთი პასუხი მიიღო ცისკარიძემ ვაისისგან, როდესაც სლოვაკ სპეციალისტს დაუკავშირდა და ეროვნულ გუნდში არგამოძახების მიზეზი ჰკითხა.

როგორ იხსენებს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ მატჩებს, ვაისთან ურთიერთობას, რატომ აღარ გამოიძახეს მას შემდეგ, რას ფიქრობს დღევანდელ ნაკრებზე - ზურაბ ცისკარიძეს ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. ინტერვიუ, რომელშიც 34 წლის ფეხბურთელი ჯაბა კანკავათი აღფრთოვანებას ვერ მალავს, Zoom-ში ჩავწერეთ და მას ვიდეოს სახით ნახავთ.

'როცა ვინმე მეუბნება, რომ ამ ასაკში მაღალ დონეზე თამაში მხოლოდ ზლატანს, კრიშტიანოს ან მესის შეუძლიათ, ვპასუხობ, რომ კანკავაც ჩემი ასაკისაა'

აღსანიშნავია ისიც რომ ცისკარიძე შვიდ ენაზე საუბრობს. ამ ჩამონათვალში არ არის ქართული ენა, რადგან იგი 4 წლის ასაკში საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა. სამაგიეროდ, სხვა ენებთან ერთად იცის რუსულიც, თუმცა ინტერვიუს ჩაწერა ინგლისურად ამჯობინა. ვიდეოს, რა თქმა უნდა, ქართული გახმოვანებით გთავაზობთ.


ამჟამად ზურაბ ცისკარიძე შვედური ვასალუნდის ფეხბურთელია. ეს კლუბი რანგით შვედეთის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. 34 წლის ქართველ მცველს ეროვნულ ნაკრების ორ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. რუმინეთთან 1:5 წაგებულ და ესპანეთთან 1:0 მოგებულ თამაშებში მან ჯამში მოედანზე 38 წუთი გაატარა. რუმინელებთან დაპირისპირებაში გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ მის ჩაწოდებას მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები