Thumbnail
  • 'პირველივე მატჩში აჩვენა, რა დონის ოსტატი იყო'
  • ქართველ ცენტრს ლიგა ენდესაში მე-200 თამაში ელის

თუკი მცირე ტრავმის მოშუშება მოასწრო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლენოვო ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგა ენდესაში საიუბილეო მე-200 მატჩს ჩაატარებს. ამ ღირშესანიშნავ ამბავს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდიც გამოეხმაურა და შერმადინს, რომელიც დღეს 32 წლის შესრულდა, სტატია მიუძღვნა.

“ლენოვო ტენერიფეს ესპანეთის ჩემპიონატში გამორჩეული სეზონი აქვს და ამაში გიორგი შერმადინის დიდი დამსახურებაა. ქართველმა ცენტრმა სულ ახლახანს მიიღო მარტის MVP-ს ტიტული, მომავალ შაბათს კი შანსი აქვს კიდევ ერთი გამორჩეული ამბის მთავარი გმირი გახდეს. თუკი ბეტისთან მატჩში მოედანზე გავა, ეს, მისთვის ლიგა ენდესას მე-7 სეზონში მე-200 თამაში იქნება.

შერმადინი სარაგოსაში 2014-14 წლების სეზონში გამოჩნდა და დიდი ოსტატობა სადებიუტო შეხვედრაშივე გამოავლინა. ბილბაო ბასკეტთან თამაშში გიორგიმ 24 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29-ს გაუტოლდა.

მოგვიანებით, შერმადინის კარიერაში მორაბანკ ანდორა (2015-16, 2016-17) და უნიკახა მალაგა (2017-18, 2018-19) იყო, ახლანდელ კლუბ ლენოვო ტენერიფეს კი 2019-20 წლების სეზონის წინ შეუერთდა. იმ 199 მატჩში, რომელიც ქართველ კალათბურთელს ლიგა ენდესაში აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 13.6 ქულა, 5.9 მოხსნა, 0.9 პასი, 0.7 ჩაჭრა, 4.5 გამომუშავებული ფოლი და სარგებლიანობის კოეფიციენტი 17.9.

შერმადინის საუკეთესო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში კანარის კუნძულების დერბის უკავშირდება, როდესაც ლენოვო ტენერიფემ გრან კანარიას 100:79 სძლია, გიოს სარგებლიანობის მაჩვენებელი კი 42-ს გაუტოლდა. ქართველმა კალათბურთელმა იმ თამაშში მოედანზე 30 წუთი გაატარა და 32 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 11-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 12-დან 9 ორქულიანი (75%) და 16-დან 14 საჯარიმო (88%) ჩააგდო”.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ტენერიფელებს ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 3 აპრილს ელით. ხვალ, ისინი ბეტისს ესტუმრებიან და სეზონში 21-ე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან, ამჟამად კი, 20 მოგებითა და 5 მარცხით მე-3 ადგილი უკავიათ და მხოლოდ ევროპულ გრანდებს – რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები